მაესტრო გოგი ჭიჭინაძე!


8 თებერვალი გოგი ჭიჭინაძის დაბადების დღეა

არა მგონია, გაჩნდეს შეკითხვა – ვინ არის გოგი ჭიჭინაძეო და, თუ მაინც აღმოჩნდება ასეთი,  ვიტყვი: ის დღეს სახელგანთქმული დირიჟორია, რომელმაც ასეთი გზა გაიარა:  ჯერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტებზე სწავლობდა, მერე – ასპირანტურაში, სტაჟირება სანქტ-პეტერბურგის მარიას სახელობის თეატრში გაიარა; 1995-2005 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად; იყო თბილისის საფესტივალო კამერული ორკესტრის დირიჟორიც. 2004 წლიდან  თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილედ და დირიჟორად მიიწვიეს; მერე დაინიშნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი მისი ცხორვებისა ისიც იყო, როცა კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. დღეს გოგი ჭიჭინაძე ამ კათედრის გამგეა. კიდევ ერთი ბრწყინვალე ეტაპი მისი ცხოვრებისა, – არც თუ ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის ფრედერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად დაინიშნ.

ზოგიერთი რამ მისი პირადი ცხოვრების შესახებ: ცალკე მოთხრობა შეიძლება დაიწეროს გოგისა და ქალბატონი ბაბოს დედაშვილობის შესახებ, თუმცა თავად მაესტროს მოვუსმინოთ: „ხანდახან არც მინდა, რომ ასე მიყვარდეს და ემოციურად ასე ვიყო დედაზე დამოკიდებული. მაგრამ, ეს თითქმის შეუძლებელია.  არაჩვეულებრივი ქალია და ამიტომ მთელი ცხოვრება მისი საოცარი მომნუსხველობისა და ადამიანობის ტყვეობაში ვარ. თუმცა, ხშირად ისეთ სახეს ვიღებთ, თითქოს არ გვესმის ერთმანეთის, სინამდვილეში უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. ასეთია ჩემი დედიკო – ბარბარე მიქელაძე“. გოგის საოცრებათა სამყაროში ცხოვრებას მამიდა – ლეგენდარული დოდო ჭიჭინაძეც ალამაზებდა.

და კიდევ, გოგის ჰყავს ერთადერთი ჯადოქარი და ეს მე ვარ, ძვირფასო მკითხველებო. ჯადოქრები საუკუნეში ერთხელ იბადებიან, ამიტომ არ უკვირთ მის ეპოქალურ-კონცეპტუალურ მეგობრებს ჩემი „ერთადერთობა“, მით უფრო, რომ ეს სახელი თავად მაესტრომ შემარქვა: „ჩემო ჯადოქარო“ – ასე მომიკითხავს-ხოლმე (როცა გავახსენდები!). ახლა ცოტა რამ ამ ჯადოქრული მეგობრობის შესახებ. რა თქმა უნდა, გოგი ჩემზე ძალიან, ძალიან დიდია (მგონი, მან რომ სკოლა დაამთავრა, მაშინ დავიბადე),  მაგრამ ასაკი ჯერჯერობით ხელს არ გვიშლის!

მან ბავშვობა მოსკოვში გაატარა. მამამისი, უიშვიათესი ღირსების რეზო ჭიჭინაძე, მოსკოვში, კრემლში მუშაობდა, ამიტომ ოჯახით იქ ცხოვრობდა. გოგის დაბადებას შუშხუნები და რესტორნების დახურვა მოჰყვა. ჩემს დაბადებას – ცრემლი (სეფსისი დამემართა და ვკვდებოდი, თურმე, ბებიაჩემი ტირილით ამბობდა: მის ოქროსფერ ქოჩორს და თეთრ ხელებს მიწა როგორ უნდა მივაყაროთო?!);

გოგი არისტოკრატების გარემოცვაში იზრდებოდა, მის უდარდელ ბავშვობას არ მოჰკლებია ცხელ-ცხელი ფუნჩულები. მე ღარიბი გლეხის შვილი ვიყავი – მჭადითა გამოზრდილია;

გოგი ჭიჭინაძე კრემლის  სვეტებიან დარბაზებში დარბოდა. მე კი სოფლის წყალ-ჭალის გზებზე დავკუნტრუშობდი; გოგი გენერალური მდივნის, ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის, თბილ კალთაში ნებივრობდა. მე შალიკო ბაბუას ცივ მუხლზე თუ ჩამოვჯდებოდი;

პატარა გოგის დირიჟორის ჯოხი ეკავა ხელში და დიდი თეატრის სოლისტებს ეთამაშებოდა. მე კი ხელში სახრე მეჭირა და ძროხებსა და კამეჩებს დავდევდი;

გოგი ჭიჭინაძის თვალშეუდგამი სილამაზით მოხიბლული იყო პოლიტბიურო: ხან მიქოიანი და სუსლოვი, ხანაც გრომიკო და კოსიგინი ეცილებოდნენ ერთმანეთს მის სიყვარულში. ავი ენები იმასაც ამბობდნენ, თითქოს თავად ბრეჟნევს უნდოდა მისი შვილად აყვანაო (მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი ვნებიანი ქალიშვილი ჰყავდა და არავინ გააჩნდა გვარის გამგრძელებლი), მაგრამ ბატონი რეზო ვის დაუთმობდა გოგის თავს?! ისე, არც მე ვიყავი გოგიზე ნაკლები სილამაზის ბავშვი – რაქიტიანი დავბადებულვარ, დიდი თავი მქონდა და მაკრონივით წვრილი ფეხები. ჩემი პოლიტბიურო კი ქუჩის დარდიმანდი, ღვინის მსმელი და მოქეიფე ხალხი იყო;

გოგი სრულ ფუფუნებასა და განცხრომაში იყო, არ აკლდა დათუნია შოკოლადები და საბჭოეთის დიდება. მე კი „მამალოებით“ ვიზრდებოდი და მონპასის კანფეტი მენატრებოდა („დათუნიები“ პირველად გოგის ქორწილში მაჭამეს);

გოგი, როგორც კრემლის თანამშრომლის შვილი და გენერალური მდივნის ფავორიტი, მოსკოვის სასწავლო დაწესებულებებში ყოჩობდა და თავზე ბუზს არ აიფრენდა. მე კი, როგორც კოლექტივის მერგოლურის შვილი, ტირილით დავდიოდი სკოლაში. მეშინოდა, პირველ მასწავლებელს არ მოვეკალი, რადგან ისტერიკულად გვცემდა და გვწყევლიდა: „დაგილპათ, დაგიღძათ ხელები“ – სამი წელი სრულ ტერორში ვყავდით ბავშვები (ახლა ადვილი მისახვედრია, იმთავითვე რა ნატანჯიც ვარ!).

ვიდრე ასაკში „ორმო“ არ გამოერია, მანამდე ცოლი არ შეირთო. გოგი ბავშობიდანვე შეყვარებული იყო ჯაკომო პუჩინის „მანონ ლესკოზე“, აგიჟებდა მე-18 საუკუნის ფრანგი მწერლის ანტუან ფრანსუა პრევოს საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული რომანი – „კავალერ დე გრიესა და მანონ ლესკოს სიყვარულის ისტორია“. საოცარია განგება ღვთისა, ორმო-ც წელს გადაშორებულმა ანჩისხატში ჯვარი დაიწერა კონსერვატორიის პედაგოგზე, პირმშვენიერი მანონი გახდა მისი რჩეული და დაიბადა მათი სიყვარულისა და ცხოვრების გვირგვინი – ალექსანდრე (სანდრო) ჭიჭინაძე – ჩემი ერთგული და უღალატო უმცროსი მეგობარი! მე ჯუზეპე ვერდის „აიდა“ მიყვარდა და დღემდე ამაოდ ველი სარკოფაგიდან მის ამოსვლას…

„მუსიკას ინტელექტი და ადამიანური სულგრძელობა სჭირდება“ – მითხრა ერთხელ გოგიმ და, როგორც ჩანს, დღემდე სწორედ, თავისი დიდსულოვნებით მიძლებს და მანებივრებს.

ღრმა იუმორისტული ექსტაზი იქით იყოს და გოგი ჭიჭინაძე, მართლაც, იშვიათად თავდადებული ადამიანია! სამწუხაროდ, მე და გოგის (ზოგადად, ჩვენს თაობას) მძიმე დროში მოგვიწია ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა – მაშინ, როცა ეს ქვეყანა სამოქალაქო ომსა და შიმშილში, სიძულვილსა და მარადიულ, დაუსრულებელ კონფლიქტებში იყო ჩანთქმული. ნიჭმა თავისი ქნა და გოგი ჭიჭინაძე ვერ იქცა ეპოქის მსხვერპლად – პირიქით, მან გაიმარჯვა დროზე და თავისი გამორჩეული, დახვეწილი კულტურით, გასაოცარი თავმდაბლობითა და თანდაყოლილი კეთილშობილებით შექმნა კულტურული სივრცე, რომელისთვისაც დომინანტურია კლასიკური ხელოვნება, ფიქრი, სიღრმეებისკენ, მიუწვდომის წვდომისკენ სწრაფვა.

რა საქმესაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანი, რა დიდებული მისიაც უნდა ჰქონდეს, თუ მასში სიკეთისა და სიმართლის დეფიციტია, ყველაფერი კარგავს ღირებულებას. გოგი ჭიჭინაძის ცხოვრებაც და შემოქმედებაც ერთი მთლიანობაა – მარადიული ფასეულობებზე დაფუძნებული, ინტელექტსა და გემოვნებასთან წილნაყარი, ღირსების გამძაფრებული შეგრძნებით დაღდასმული. მისთვის მუსიკა არსებობის, შესაბამისად, სულიერების ფორმაა, რომლითაც გვთავაზობს იგი კათარსისსა და იმედს!

საბა მეტრეველი

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშითუ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვიან, მას რამდენიმე ვარიანტი ექნება
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახური: გულით ავადმყოფი პაციენტები არაპროფილურ კლინიკებში იყვნენ გადაყვანილნი