„მადლობა ზრუნვისთვის“ – „კუმ დეო – ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმსა და ლატალში საქველმოქმედო აქცია გამართა

ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ 4-5 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წვირმსა და ლატალში მორიგ საქველმომქმედო აქცია გამართა – მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდა და ამასთან, მედიკამენტებსაც გადასცა.

პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, (ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარის, კარდიოლოგ სოლომონ ზეიკიძის თქმით, სამედიცინო მომსახურეობა ოროვე სოფელში, საერთო ჯამში, 50-ზე მეტ ადამიანს გაეწია.

„მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს შეძლებისდაგავრად დავეხმაროთ,“ – ამბობს ა(ა)იპი „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე სოლომონ ზეიკიძე.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოსახლეობა უფასო მედიკამენტებს ფარმაცევტული კომპანია „GM ფარმა“ თანადგომით გადასცემს.
ამსთან, (ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი, ქეთი გოროზია ამბობს, რომ ორგანიზაციას თანადგომას „საქართველოს ლატარიის კომპანია“, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და კომპანია „ზედაზენი“ მუდმივად უცხადებენ.

„ჩვენი ყველა აქცია საქველმოქმედოა და რომ არა ზემოხსენებული კომპანიები, მხოლოდ საკუთარი რესურსით ადამიანების დახმარება გაგვიჭირდებოდა,“ – აცხადებს გოროზია.

შეგახსენებთ: ორგანიზაციამ – „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ უკვე მეხუთე საქველმოქმედო აქცია გამართა. მესტიის მუნიციპალიტეტამდე უფასო სამედიცინო მომსახურეობა ორგანიზაციამ ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის სოფელ კოთელიასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას გაუწია.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად, საქველმოქმედო აქცია „საქართევლოს ეროვნული ლატარიის“, „ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის“, „ზედაზენის“, „ჯი-ემ ფარმას“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ჩატარდა.

აქციაში რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.
ამასთან, აქციაში, მოხალისეებად ჩართულები იყვნენ ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე და თემო ჯინჭარაძე.

როგორც პროფესორი სოლომონ ზეიკიძე ამბობს, საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება. ზეიკიძის თქმითვე, (ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აპირებს, რომ უფასო სამედიცონო სერვისი თურქეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც მიაწოდოს.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში, გასული წლის დეკემბერში, თუმცა, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ
შემდეგი სტატიაპუტინმა ღია ცის შესახებ შეთანხემებიდან რუსეთის გასვლას მოაწერა ხელი