მადლობა ქართველ ხალხს ყველაფრისთვის, რასაც უკრაინელებისთვის აკეთებთ, თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ – სვიატოსლავ ვაკარჩუკი

უკრაინელმა მომღერალმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა შეხვედრა გამართა ქართველ მოხალისეებთან, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებდნენ.

„ოკეან ელზის“ სოლისტმა მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველებისგან თანადგომასა და მხარდაჭერას გრძნობს.

შეხვედრის შემდეგ სვიატოსლავ ვაკარჩუკი გადაინაცვლებს სასტუმროში, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდება.

„უპირველს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია ამ შენობაში ყოფნა, სადაც სულ მალე გაიხსნება ქართულ-უკრაინული ცენტრი. ეს არის ადგილი, სადაც მოხალისეები აგროვებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინელებისთვის. შევხვდი ბევრ ქართველს და უკრაინელს, რომლებიც მხარდამხარ მუშაობენ, რათა ომით დაზარალებულ უკრაინელებს ტანჯვა შეუმსუბუქონ. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შეუძლიათ. ამის ნახვა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. მათ მიამბეს ძალიან ბევრი ისტორია ომის პირველი დღეების შესახებ, ვნახე ფოტოები და წარწერები კედლებზე. მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რასაც ეს ხალხი აკეთებს და ზოგადად, მადლიერი ვარ ქართველი ხალხის იმისთვის, რასაც ისინი უკრაინელებისთვის აკეთებენ. ჩვენ ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას გულებში. ახლა ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც აიძულეს ქვეყნის დატოვება ომის გამო. არ მინდა, მათ ლტოვლილები ვუწოდო, მაგრამ ეს ასეა. მინდა, მათ გავესაუბრო და იმედი მივცე, ჩავეხუტო, გავუღიმო და გავაგებინო, რომ ერთ დღეს, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა იზეიმებს გამარჯვებას, ისინი ყველა დაბრუნებიან სამშობლოში და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც უკრაინელებისთვის აკეთებთ. თქვენ ჩვენი ნამდვილი მეგობრები, ძმები და დები ხართ. ბოლოს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ. ვისურვებ, რომ საქართველოსა და უკრიანაში ერთ დღესაც იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ისინი გახდნენ დემოკრატიული ევროპული ქვეყნები. ჩვენ ძმები და დები ვიქნებით მუდამ“, – განაცხადა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა.

banner
წინა სტატიაშიალექსეი არესტოვიჩი: დღეს კიევზე სარაკეტო თავდასხმა კვლავაც მოსალოდნელია
შემდეგი სტატიასაფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენაზე შეთანხმდნენ