“მადლობა მინდა მოვუხადო ნოდარ მელაძეს… მან დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია” – ვანო ზარდიაშვილი

ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. მას შემდეგ რაც ვანო ზარდიაშვილმა თქვა, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის უმრავლესობის სხდომების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას ნოდარ მელაძეს, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მესამე სექტორს მოუწოდა, დაინტერესდნენ ამ ფაქტით. კერძოდ, ნოდარ მელაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ ხდება მისი ფარული მოსმენა.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, მან ნოდარ მელაძის განცხადებაში ამოიკითხა დასტური, რომ ეკა ბესელია ნამდვილად იყო მისი ინფორმატორი.

„დიდი მადლობა მინდა მოვუხადო ბატონ ნოდარ მელაძეს. მან პრინციპში დაადასტურა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. მისი კომენტარიდან მე ამოვიკითხე ეს. ოღონდ მან საიდან მოიტანა, რომ მოსმენებით მოხდა ამის დადგენა, ეს არის ისევ “რუსთავი 2-ის” ნარატივი. მე გეტყვი, საიდან მოხდა ამ ფაქტების დადგენა. ეს იყო ჩემი დაკვირვება, როდესაც მხოლოდ ის ინფორმაციები ჟონავდა უმრავლესობიდან, რომელიც ეკა ბესელიას აწყობდა და არ შედიოდა სხვა არავის ინტერესში. ხოლო არ ჟონავდა ისეთი ინფორმაციები, რომელიც ეკა ბესელიასთან მიმართებაში კორუფციულ ბრალდებას ეხებოდა. პირველი ეს და ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, რომ ამის დაკვირვების საშუალება გვქონოდა. ასევე გაგიმხელთ, რომ მათ შორის ჩემი წყარო იყო ერთ-ერთი “რუსთავი 2-ის” თანამშრომელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ. ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ნოდარ მელაძემ აღიარა, რომ მისი წყარო იყო ეკა ბესელია. შესაბამისად, ჩემი წყაროს ინფორმაცია იყო ზუსტად და მადლობა ნოდარ მელაძეს. მე მის პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარებოდა. ყოჩაღ მას. ყოფილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავდა წყაროდ, რომელსაც, როგორც ჩანს, ხშირად აწვდიდა ინფორმაციებს,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, ის პირადად აკვირდებოდა პროცესებს და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები, რაც წყარომაც დაუდასტურა.

რაც შეეხება ფაქტს, რომ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟონილი ინფორმაციის კომენტირებისას მმართველი გუნდი “რუსთავი 2-ს” სიცრუეში ადანაშაულებდა, ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ იყო დამახინჯებული ინფორმაციები.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, ეკა ბესელია გუნდზე გაბრაზდა, რადგან მან ვერ შეძლო სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება და მისი კორუფციული მიზნების განხორცილება.

„ეკა ბესელია ნაბიჯს არ დგამს ისე თუ რაიმე ფინანსური დაინტერესება არ აქვს. მას თუ საშუალებას მისცემ, იგი აუცილებლად ჩაიძირება კორუფციაში. რისი საშუალებაც არ მისცა სასამართლო ხელისუფლებამ. მას პირდაპირი ინტერესები ჰქონდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში დაენიშნა მოსამართლეები და მან ეს ვერ მიიღო. შესაბამისად, გამწარდა და იკადრა უკადრებელი,“ – განაცადა ვანო ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგორში სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა აღსრულებულიყო ასე სწრაფად – ნონა წოწორია