14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

მადიარი: ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია Tisza-ს გამარჯვების შემდეგ, მისმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა პირველი საერთაშორისო პრესკონფერენცია გამართა.

მადიარმა მწვავედ გააკრიტიკა დამარცხებული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მის წინასაარჩევნო კამპანიას „გებელსის ტიპის პროპაგანდა“ უწოდა.

12 აპრილს გამართულ არჩევნებში ორბანის პარტია Fidesz-ი, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, დიდი სხვაობით დამარცხდა.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, პეტერ მადიარმა აქცენტი იმ პროპაგანდისტულ მეთოდებზე გააკეთა, რომლებსაც, მისი თქმით, ორბანის გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებდა. მან საერთაშორისო მედიას მიმართა და აღნიშნა, რომ უცხოელი ჟურნალისტებისთვის რთული აღსაქმელია ის წნეხი, რომელშიც უნგრელი ამომრჩეველი იმყოფებოდა.

„თქვენ, უცხოური პრესის წარმომადგენლებო, აქ არ ცხოვრობთ. თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ ამ გებელსის ტიპის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდას, რომელიც რეალურად ისეთი პროპაგანდა იყო, რომელშიც სიმართლის ერთი პატარა ელემენტიც კი არ მოიძებნებოდა.

ვიქტორ ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა. ის ბავშვებისა და ხანდაზმული ბებია-ბაბუების შიშში ჩაგდება ცდილობდა. ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, უნგრელებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ, მათ ოჯახის წევრებს წაიყვანდნენ ფრონტზე. ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა, უკიდურესად დაბლა, რათა შეენარჩუნებინა თავისი ძალაუფლება და მოპარული ქონება და ფული“.

მადიარის თქმით, ორბანის მარცხის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი რეალური პრობლემების ნაცვლად გეოპოლიტიკური თემებით მანიპულირებდა და უნგრელი ხალხის ყოველდღიურ საზრუნავს მოწყვეტილი იყო.

„პარტია Tisza-ს მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა, განსხვავებით ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს აწუხებს. მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების ღირებულების კრიზისზე, არამედ ერთგვარ ხუთგანზომილებიანი ჭადრაკის თამაშში იყო ჩართული.

ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი. ის საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე — შუაღამით რომ გაეღვიძებინათ, იტყოდა, რომ თავად მოიგო ამერიკის არჩევნები და არა დონალდ ტრამპმა. ის ყველაფერზე საუბრობდა, გარდა იმ საკითხებისა და პრობლემებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს ეხებოდა“.

banner
წინა სტატიაშიუცხოელების დასაქმების წესში ცვლილებები შედის
შემდეგი სტატიასაქართველოდან პურ-ფუნთუშეულის ექსპორტი გაორმაგდა