15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მადიარი: მთავრობა აღარ დააფინანსებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ჩატარებას

უნგრეთში  მთავრობა აღარ დააფინანსებს ქვეყანაში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) ჩატარებას,_ ამის შესახებ ახლარჩეულმა  პრემიერმა მადიარმა განაცხადა.

“სახელმწიფო ამ ყველაფერს აღარ დააფინანსებს, არც CPAC-ის ღონისძიებას და არც მათიას კორვინუსის კოლეგიუმსა და მასთან დაკავშირებულ სხვა ინსტიტუტებს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს ისინი თავიდანვე არ უნდა დაეფინანსებინა, ეს დანაშაული იყო”, – ამბობს მადიარი.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მთავრობის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებით მსგავსი “პარტიული დაფინანსება” სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რის გამოც, მადიარი ამბობს, რომ ეს ფაქტი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
“სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო ხარჯებში პარტიული დაფინანსების არევა, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულია და ეს მომავალმა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, მათ შორის, სახელმწიფო აქტივების აღდგენისა და დაცვის ეროვნულმა სამსახურმაც, ვინაიდან საბიუჯეტო თანხები პარტიული ღონისძიებების დასაფინანსებლად განკუთვნილი არ იყო”,- განმარტა მან.
უნგრეთის არჩეულმა პრემიერმა დაამატა, რომ CPAP-ს ბუდაპეშტში ჩასვლა კვლავ შეუძლია: “ძალზე მისასალმებელია, მაგრამ ეს უნგრელი გადასახადების გადამხდელთა ფულით არ უნდა დაფინანსდეს, არამედ Fidesz-ის ხარჯით, ან ვიქტორ ორბანის დამქაშების ფულით, სანამ ამ თანხას უკან არ დავიბრუნებთ.”

ცნობისთვის, უნგრეთის მასპინძლობით გამართულ CPAC-ის ყოველწლიურ ღონისძიებას 2023 წლიდან მოყოლებული რეგულარულად ესწრებოდნენ ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრები: 2023 წელს ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე ჩავიდა იმ დროს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში ღონისძიებაზე ყოველწლიურად სიტყვით ირაკლი კობახიძე გამოდიოდა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები “გრანტების შესახებ” კანონში
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა