მაჭარაშვილი – თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს, ნუ ღელავს

თუ პრეზიდენტს არაფერი აქვს დაშავებული, არ უნდა ეშინოდეს, ნუ ღელავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ყველა კონსტიტუციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონებს დაიცავს, პროკურატურა “არაფერს მოკითხავს”.

“მე მგონი, საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, თუ არაფერი დაშავებული არ აქვს. ამიტომ ნუ ღელავს. თუ ვინმეს რამე გვაქვს დაშავებული კანონის წინაშე, მეც, პრეზიდენტსაც, თქვენც, იმას რა თქმა უნდა, მოგვკითხავს პროკურატურა, მაგრამ თუ დანაშაულის ნიშნები არ არის, გამოიკვლევს, ნახავს და არაფერი მოხდება. თუ მეც, თქვენც, პრეზიდენტიც დავიცავთ კონსტიტუციას, სასამართლოს გადაწყვეტილებას და კანონებს, პროკურატურა არაფერს მოგვკითხავს, მაგრამ თუ დავარღვევთ, რა თქმა უნდა, პროკურატურას ექნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გამოიკვეთოს დანაშაულის ნიშნები მომავალში, როცა გამოძიება 2019 წლიდან მიმდინარეობს და ჯერ არ გამოკვეთილა, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმე ან არის ხანდაზმული, ან არა, ხოლო ვადებს, რაც გაწერილია, პროკურატურა კარგად ართმევს თავს.

“ჩვენ კარგად ვიცით, რომ სისხლისსამართლებრივი საკითხები, დევნა იქნება ეს თუ სხვა, ან არის ხანდაზმული, ან არ არის. ეს ვადები გაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში, რასაც ძალიან კარგად ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა. თუ თქვენი ინტერესი ის არის, რამდენად ემუქრება საქართველოს პრეზიდენტს დაჭერა, მე გეტყვით – თუ მას არაფერი აქვს ჩადენილი, არაფერი დაემუქრება, მაგრამ თუ როგორც კონსტიტუცია დაარღვია და მერე იღიმებოდა იქ, კონსტიტუციამ კი კუთხეში მიაყენა, თუ ასეთი რამ აქვს გაკეთებული, არავინ არის დაცული- არც მე, არც თქვენ და არც საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ვთავაზობთ პარლამენტს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სკოლის დირექტორების არჩევის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი ფართოვდება
შემდეგი სტატიახვიჩია – სალომე ზურაბიშვილი და ნინო ლომჯარია საინტერესო წყვილი იქნება, წარმატებას ვუსურვებ