მაჭარაშვილი – საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა იყო სპეკულაცია

საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გასაჯაროებულ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია. ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ზრუნავს.

„გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ორი რამ დაინახა, ერთი ის, რასაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ამ თვალსაზრისით ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს. თქვენ დაინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის სტაბილურობის გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეხვიდე. სხვა შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან.

სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ზრუნავს. შეიძლება, მორწმუნე ადამიანს რწმენა ჰქონდეს, რომ მოშიმშილე ადამიანი 40 დღეზე მეტი ხანი ინარჩუნებდეს ენერგიას, მაგრამ ამ დონეზე შეიძლება ბადრაგის თანამშრომლებთან ძალადობდეს? სამწუხაროდ, მისი შიმშილობა სპეკულაცია რომ იყო, ეს დადასტურდა იმითაც, რომ 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი როგორ უსწორდება ბადრაგის თანამშრომელს, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივინ ხართ ხალხო საერთოდ, ან სად გაიზარდეთ ან რა გინდათ ამ ცხოვრებისგან – ნიკა სიმონიშვილი კადრებზე
შემდეგი სტატია“დროა” იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს