საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში და მსოფლიოშიც უსამართლო პროცესი მიდის, რომელიც აუცილებლად დასრულდება და იქნება სამართლიანი მიდგომა.
„დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ არის უსამართლო მიდგომები, უარგუმენტო საყვედურები და ბრალდებები. მაგიდაზე როდესაც დევს საერთაშორისო ინსტიტუციების დასკვნები საქართველოს პოზიტივზე ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ევროინტეგრაციის გზაზე აბსოლუტური ნიშნულით რომ გაქვს გამოცდა ჩაბარებული და ამ დროს, საგამოცდო კომისია გეუბნება, რომ გამოცდის ჩაბარების პროცესი შეჩერებულია, ეს რას ნიშნავს? იმას, რასაც ვამბობთ, მიდგომებია უსამართლო და სწორედ ეს არის ანტიევროპული განცხადებები. ჩვენ პროცესს მშვიდად მოვყვებით და უსამართლო პროცესი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია, აუცილებლად დასრულდება და სამართლიანი მიდგომა იქნება, როგორც აქამდე იყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.