მაჭარაშვილი – პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ჟესტია, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ამ შანსს მხარეები, მათ შორის ოპოზიცია, ეს მათზეა დამოკიდებული

პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი ჟესტი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუმცა რამდენად გამოიყენებენ ამ შანსს მხარეები, მათ შორის ოპოზიცია, ეს მათზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თუ არ შეცვალა თავის დღის წესრიგი, საზოგადოებაც დაინახავს, რომ მათი მხრიდან ​შერიგებასთან დაკავშირებით არანაირი სურვილი არ არის.

„პირველი ნაბიჯი ეკუთვნის ოპოზიციას, რადგან ისინი წავიდნენ პარლამენტიდან ქუჩაში, პარლამენტში თუ დაბრუნდებიან და ჯანსაღად დაიწყებენ ოპონირებას, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, მერე ჩვენ შეიძლება, გვქონდეს განცდა, დაიწყება შერიგებაზე საუბარი. საქართველოს პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, სადაც საზოგადოებამ აირჩია უმრავლესობაც და ოპოზიციაც. პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქითკენ, რომ მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საზოგადოებამ აირჩია და აქ უნდა დავიწყოთ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ამის შემდეგ გამოიკვეთება ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ შეიძლება, კიდევ ერთხელ შევჯერდეთ. არსებობს ისეთი საკითხები, რაზეც შეიძლება შევჯერდეთ. წინაპირობები ჩვენი მხრიდან არც ყოფილა და არც არსებობს, გარდა ერთისა, როცა დავინახავთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ნორმალურ სახელმწიფოში, რაც მთავარია პარლამენტში, კი არ ხულიგნობს და მაგიდებზე კი დარბის, არამედ ჯანსაღად ოპონირებს, სულ მცირე თვის განმავლობაში, ამის შემდეგ შეიძლება დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი. როდესაც დილით ამბობ შერიგებას და საღამოს მოუწოდებ საზოგადოებას წინააღმდეგობის კერების შექმნისკენ, ბუნებრივია, ეჭვები ჩნდება რამდენად გულწრფელად გინდათ შერიგება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაზარტული თამაშების რეკლამის მედიაში განთავსებისა და თამაშის მსურველთა ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა პირველ მარტამდე გადავადდება
შემდეგი სტატიასამადაშვილი – პრეზიდენტს სურს, დაიწყოს ინდივიდუალური შეხვედრები და მზად ვარ, ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა მივიღო