დღეს ოპოზიცია სერიოზული გამოწვევის წინაშეა, განსაკუთრებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის პროდასავლური, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება დღესაც მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე.
„მთელი ევროპული ინსტიტუციები გეუბნებიან, რომ საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურია და ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოვიდეს. ამ ფონზე, როცა მაინც ჯიუტად და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე იმეორებ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ოპოზიციის ამომრჩეველში კითხვები ჩნდება. ჩვენ დღესაც მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, სამართლიანობის პრინციპების საფუძველზე. მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი შეთავაზებები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან არანაირი შეთავაზება არ ყოფილა იმ ულტიმატუმის გარდა, რასაც ვადამდელი არჩევნები და ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ჰქვია.
მათ არ შეცვალეს ულტიმატუმები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს ჰქონდათ იმის მიუხედავად, რომ ევროპის ინსტიტუციებიდან მაღალი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს. ოპოზიციამ ელემენტარულად შეთანხმება და დათანხმება ერთმანეთისგან ვერ განასხვავა. როცა სრულიად უარგუმენტოდ და მხოლოდ რწმენითი კატეგორიის საფუძველზე ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ბუნებრივია, ვერც ერთი ინსტიტუცია ვერ იტყვის, რომ გაყალბებას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.