მაჭარაშვილი – ოპოზიცია არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოებისგან მკაცრ პასუხს მიიღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, მაგრამ მათ ქმედებებს საზოგადოება იმ მკაცრ პასუხს გასცემს, როგორიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, საზოგადოების უმეტესობა იმ პოზიციაზეა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებებში უნდა გაგრძელდეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა.

„საზოგადოების მხრიდან მივიღეთ გამოწვევებიც, შენიშვნები, პრეტენზიები. ვიცით, რა შეიძლება იყოს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გასაკეთებელი. ეს არის დემოკრატიის ის ნაწილი, როცა პარტია მოსახლეობას ეკითხება, შემდეგი ოთხი წელი რითი უნდა იყოს დაკავებული. „ქართული ოცნების“ გამარჯვების შანსი იმდენად მაღალია, რამდენადაც ოპოზიცია დაკავებული არ არის წინასაარჩევნო კამპანიით, დაკავებულია მხოლოდ იმით, როგორმე რაღაც სენსაცია მოძებნოს, პროვოკაციები მოაწყოს. ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, მაგრამ საზოგადოებისგან იმ მკაცრ პასუხს მიიღებენ, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს, რადგან ქვეყანას სტაბილური ვითარება სჭირდება.

ოპოზიცია დაკავებულია იმით, როგორმე ისეთი გარემო შექმნან, რომ თითქოს, გაყალბება მოხდება, ზეწოლა ხდება და ა.შ. რას აკეთებს ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობა ინფორმირებულია, რომ არჩევნების შემდეგ აღარ იყოს სიურპრიზები”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38 -ე ადგილზე გავიდა