მაჭარაშვილი ხაზარაძეზე – 30 ოქტომბრის მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური დასასრული იყო და პარლამენტის დატოვება გადაწყვიტა

ხაზარაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრაქტიკულად გაწევრიანდა “ნაცმოძრაობაში”, თუმცა 30 ოქტომბრის მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური დასასრული იყო და როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა პარლამენტის დატოვება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მიერ პარლამენტის დატოვების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, ხაზარაძეს ჯერ პარლამენტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. მისივე თქმით, ამის შემდეგ ფრაქციას აქვს 7 დღე, რათა ხაზარაძის შემცვლელი იპოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქცია დაიშლება.

“ჩვენ ვამბობდით, რომ ის პარტიები, რომლებიც ვერ ჩამოცილდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, დაზიანდებიან. როგორც ჩანს, „ლელოს“ ლიდერი ამას მიხვდა. თქვენ გახსოვთ, რომ რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე ის პრაქტიკულად გაერთიანდა “ნაციონალურ მოძრაობაში” და იმ მარცხის შემდეგ, რაც ჰქონდათ 30 ოქტომბერს, მიხვდა, რომ ეს პოლიტიკური დასასრული იყო და როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა პარლამენტის დატოვება და არა იმიტომ, რომ თავის ადგილს პარლამენტში ვერ ხედავს. დიდად რომ ჩართული ყოფილიყო საკანონმდებლო საქმიანობაში, ეს არავის ახსოვს და გაუგებარია ამ მიზეზით დატოვო პარლამენტი, რომ საქმეს იქ არავინ გაკეთებინებს.

რაც შეეზება მის ფრაქციას, რეგლამენტის მიხედვით, 7 წევრზე ნაკლები არ უნდა იყოს გაერთიანებული, ამიტომ თუ რომელიმე წევრს გარიცხავენ ან თვითონ გავა, ფრაქციას აქვს 7 დღე იმისათვის, რომ ვინმე მოძებნოს, რათა ფრაქციამ გააგრძელოს ფუნქციონირება, სხვა შემთხვევაში დაიშლება და გაუქმდება. ჯერჯერობით, მამუკა ხაზარაძეს არ მოუმართავს პარლამენტისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეს. ეს აუცილებელია, რადგან ამის შემდგომ ჩვენ ეს საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე უნდა განვიხილოთ, რის შემდგომაც პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, “- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი – პროტესტი გასაგებია, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს რევოლუციური განზომილება
შემდეგი სტატიაცესკო – დღეს გადათვლის ცენტრებში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან