გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის აგდებული დამოკიდებულება ქვეყნისა და ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რადიკალურმა ოპოზიციამ მაშინვე აიტაცა და თემაზე ქილიკი განაგრძეს.
მაჭარაშვილი გულდასაწყვეტს უწოდებს მაღალი იერარქიის პირის მიერ ეკლესიის როლის გაძლიერების დაცინვას და აღნიშნავს, რომ ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში.
„გუშინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი განცხადება გააკეთა, როდესაც გააქილიკა ჩვენი გუნდის ინიციატივა კონსტიტუციაში ეკლესიის როლის გაძლიერებისა და მისი დაცვის შესახებ. მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნულ საკითხს წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის გულის მოსაგები შეთავაზება უწოდა და თემაზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან ეს ჰგავდა ერთგვარ მესიჯს, რომელიც მან რადიკალურ ოპოზიციას გაუგზავნა და ასეც მოხდა – ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხისადმი მეუფის აგდებული დამოკიდებულება მყისვე აიტაცეს ნაცმოძრაობის წევრებმა და კიდევ უფრო განავრცეს ქილიკი თემაზე.
ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში. გულდასაწყვეტია, რომ ეკლესიის როლის გაძლიერებას დასცინის მაღალი სასულიერო იერარქიის პირი, რომელიც პირიქით, ყველაფერს უნდა აკეთებდეს დედა ეკლესიის გასაძლიერებლად. დიახ, ჩვენი ეკლესიის გაძლიერება და მისი დაცვა კონსტიტუციის დონეზე სწორედ ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაა და ამას სწორედ ამომრჩევლის გულის მოსაგებად ვაკეთებთ.
დიახ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და ვაძლევთ პირობას, რომ დავიცავთ და გავაძლიერებთ ჩვენს რწმენას. ამაში გასაკვირი არაფერია. უცნაურია, რა სიახლე და ნეგატივი აღმოაჩინა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ამ ამბავში?! ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ეკლესია იმ რადიკალური ძალებისგან, ვინც გუშინ აიტაცა მეუფე ნიკოლოზის ირონიული სიტყვა და ვინც წლების განმავლობაში ანგრევდა და თავს ესხმოდა ქართულ ეკლესიას. ამისათვის კი პატრიოტ, ქვეყნის მოყვარულ ქართველებს ვთხოვთ მხარდაჭერას. საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა კარგად იციან, რომ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი და გავლენა საზოგადოებაზე, რაც მათ ძალიან აღიზიანებთ და გამუდმებით ცდილობენ დედა ეკლესიის დისკრედიტაციას.
ჩვენი მიზანი კი კონსტიტუციაში სწორედ ამ ეკლესიის როლისა და გავლენის შესაბამისობაში მოყვანაა. მარტივი ჭეშმარიტებაა – ეკლესიის გაძლიერება მხოლოდ იმ ძალებს არ აწყობთ, რომელიც ებრძვის ჩვენს რწმენას და ყველაფერს ქართულს! დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლება და მათი პოლიტიკიდან ჩამოშორება.
დიახ, ასევე წინასაარჩევნო დაპირებაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა. ჩვენ პირობას ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ყველა გზით და ხერხით დავიცავთ მომავალ თაობას გარყვნილების აგრესიული პროპაგანდისგან.
დიახ, ჩვენი გუნდის დაპირებაა მზადება ქვეყნის გასაერთიანებლად. ჩვენ ვუხსნით ჩვენს ამომრჩეველს, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ისეთი საკონსტიტუციო მოდელის მისაღებად, რომელიც საჭირო მომენტის შემთხვევაში, სრულად მოერგება ქვეყნის გამთლიანებისათვის აუცილებელ პირობებს. განსაკუთრებით მეუფე ნიკოლოზის გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა წინასაარჩევნო დაპირება არის სიმართლესა და ქვეყნის გამოწვევებზე დაფუძნებული, რასაც აუცილებლად შევასრულებთ. არაფერია ცუდი და საქილიკო იმაში, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს არჩევნების წინ კონკრეტული საკითხების გადაჭრას სთავაზობს“, – წერს გურამ მაჭარაშვილი.