პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა უსაფრთხოების ზომებს არის მორგებული.
მაჭარაშვილის განმარტებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი კანონი მიიღეს ევროპარლამენტში, კანადაში, საფრანგეთში.
„მოტივად დაასახელეს, რომ მათ ქვეყანაში საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, რათა უცხოურმა ძალებმა ისე არ გადარიცხონ თანხები, რომ არ გაკონტროლდეს, ფინანსები სად მიდის. გვაქვს მარტივი კითხვა – თუ ეს უსაფრთხოება საჭიროა ამერიკისთვის, ევროპარლამენტისთვის, საფრანგეთისთვის, რატომ არ არის საჭირო საქართველოსთვის? ეს კანონი მორგებულია ზუსტად უსაფრთხოების ზომებს. არასამთავრობო თუ ხარ და თან გამჭვირვალე, მაშინ საქმიანობისთვის პრობლემა არ გაქვს. თუ გაუმჭვირვალე ხარ და თანხებს არ ასაჯაროებ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ყიდულობ, ამ შემთხვევაში არ უნდა დარეგისტრირდეს. ვინც ამ ცვლილებებს აპროტესტებდა, ისინი დღეს სხვა შეხედულების არიან, რადგან კანონპროექტი წაიკითხეს და ნახეს, რომ მაშინდელი პროტესტი უსაფუძვლო იყო“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.