მაჭარაშვილი: არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმისა და ცენტრ “ემპათიას” სპეციალისტების პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოეთში რეაბილიტაციას მოითხოვს.

მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოებას არც მისი მენიუ აინტერესებს და არც მედიკამენტების ჩამინათვალი, რომელსაც სააკაშვილი იღებს.

“ჩვენ ვხედავთ, რომ პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება. მის პირად ექიმს და მის ოჯახის წევრებს, გასაგებია, რომ შეიძლება აღელვებდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენ ვიცით, რომ დასრულდა ეს ე.წ. შიმშილობის სერიები, ასევე კონტროლზეა აყვანილი ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის და მათ შორის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლდება და გამომდინარე აქედან, არ მგონია, საჭირო იყოს ამაზე დამატებითი კომენტარები. არ აინტერესებს საზოგადოებას მისი არც მენიუ, არც მედიკამენტების ჩამონათვალი. მისი პირადი საქმეა რას შეჭამს, რა წამლებს მიიღებს და ა.შ. საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ამის ინტერესი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას და აღნიშნა, რომ საზოგადოება არ ემხრობა აქციებს და დროა ოპოზიციამ “მზადება და მეცადინეობა დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის”.

“ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს, პატიმარ სააკაშვილის ფანტაზიები, რომელიც უკიდეგანოა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ მის დაბადების დღეზე აქცია ჩაატაროს, ეს მისი პირადი საქმეა, საქართველოს საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა დღის წესრიგი და გამოწვევები აქვს, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს. მათმა მხარდამჭერებმაც კი უარი თქვეს ძალადობრივ პროცესებზე, შეიძლება არჩევნებში მხარს უჭერდეს საზოგადოების ნაწილი “ნაცმოძრაობას” და თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, მაგრამ ისინი მხარს არ უჭერენ რადიკალურ ნაბიჯებს და ქუჩის აქციებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ ოპოზიცია ამას უნდა მიხვდეს და დაიწყოს მზადება და მეცადინეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაბათუმის მერიაში ხმაური იყო