მაჭარაშვილი ანა ნაცვლიშვილს – თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე

ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე, – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ლელო – საქართველოსთვის“ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ბიუროს სხდომის ჩატარებამდე საკითხების განხილვის გადადებას ითხოვს.

მაჭარაშვილის ამ განცხადებამდე ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და განმარტება მოითხოვა, რატომ ჩაშალეს ბიუროს სხდომა, სადაც მის პარტიას „ამნისტიის შესახებ“ ასევე სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტები უნდა დაერეგისტრირებინა.

გურამ მაჭარაშვილმა ნაცვლიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის მორალურ დისკომფორტს განიცდის, როცა ოპოზიცია პარლამენტში თავის ფუნქციას არ ასრულებს.

„მორალურ დისკომფორტს ნამდვილად განვიცდი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია არ ასრულებს მთლიანად თავის მოვალეობას ისე, როგორც უნდა ასრულებდეს და მხოლოდ მაშინ შემოდის პარლამენტში, როცა თვითონ სჭირდება და მეორე – ბიუროს სხდომები როდის ჩატარდება და ბიუროს რომელი წევრი როდის მივა სხდომაზე, ეს ნამდვილად არავის გადასაწყვეტი არ არის. ქალბატონო ანა, თქვენ დღის წესრიგს მიდგენთ, დილით როდის გავიღვიძო, ჩაი როდის დავლიო და ბიუროზე როდის მოვიდე და მე რომ გითხრათ, რეგლამენტში რისი საშუალება გაქვთ, ამაში გასაკვირი რა არის?!“ – მიმართა ნაცვლიშვილს მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი უმრავლესობას – არ მეგონა, რომ ასე შეგაშინებდათ ალტერნატიული პროექტი
შემდეგი სტატიაჩხაიძე – ქვეყანაში „ომიკრონის“ ვირუსით მეექვსე ტალღა შემოდის