მაჭარაშვილი – ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა

ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებზე მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ“.

„ამერიკაში რაც მალე მიხვდებიან, რომ საქართველოში სანქციებსა და მათრახებზე უფრო მეტად ჭრის დიპლომატიური, მეგობრული ენა, მით მალე მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება და არა ბატონყმური ურთიერთობების დამყარება.

ყველა შემთხვევაში, საქართველოსთან დაკავშირებით რა ბრალდებებიც იყო, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გაქარწყლდა. გვაბრალებდნენ, რომ სააკაშვილი წამებული იყო, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ ასე არ არის; საქართველოში შავ ხვრელებს ეძებდნენ და მათივე წარმომადგენლებმა თქვეს, ეს ტყუილია, სიმართლეს არ შეესაბამებაო; ამბობდნენ, ოპოზიციის დევნა არისო და ნახეს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და პოლიცია როგორ ღირსეულად იქცეოდა. გადატვირთვა თუ უნდათ, პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედანზე ფეხბურთელების დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაUEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა