ლუკ კოფის სტატია – აშშ უნდა იყოს ფოკუსირებული საქართველოს დეოკუპაციაზე და ტრანსატლანტიკურ გზაზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2020 22:03

ლუკ კოფის სტატია – აშშ უნდა იყოს ფოკუსირებული საქართველოს დეოკუპაციაზე და ტრანსატლანტიკურ გზაზე

„აშშ უნდა იყოს ფოკუსირებული საქართველოს დეოკუპაციაზე და ტრანსატლანტიკურ გზაზე“, – ამ სათაურით წერილს „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ვებგვერდზე „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ დუგლას და სარა ელისონების საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი აქვეყნებს.

რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიიდან 12 წლის თავზე, ამერიკელის მკვლევარი მოუწოდებს აშშ-ს, საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად განიხილოს. მისივე თქმით, რუსეთი კვლავ აგრძელებს 12 წლის წინ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები დღეს ფაქტობრივად „რუსულ ბაზებად“ არის ქცეული.

„ამ კვირაში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ 12 წელი სრულდება. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები, ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვარს მიადგა.

პარალელურად, რუსეთის საზღვაო ძალებმა შეუტიეს საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთს, ხოლო ქვეითმა ჯარებმა გადალახეს ენგური და ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიჭრნენ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. ამავე დროს, რუსული ქვედანაყოფები მიუახლოვდნენ ქვეყნის დედაქალაქს. თბილისს მათ სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებდათ. მათ ერთ-ერთი სამოქალაქო აეროპორტიც კი დაბომბეს.

სამხედრო მოქმედებების შეჩერება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც იმ დროს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით შედგა.

ხსენებული თავდასხმიდან მოყოლებული საქართველოს უსაფრთხოებას და ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა. 12 წლის შემდეგ, ათასობით რუსი ჯარისკაცი დღესაც იკავებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (რომელსაც ხშირად სამხრეთ ოსეთსაც უწოდებენ), ანუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20%-ს.

თვალსაჩინოებისთვის, თუკი უცხო ქვეყნის არმია აშშ-ის ტერიტორიის 1/5-ის, ოკუპაციას მოახდენს, მაშინ ოკუპირებული აღმოჩნდება კლდოვანი მთების დასავლეთით მდებარე მთელი ტერიტორია. რუსეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დარღვევას. რუსულმა ჯარებმა უკან უნდა დაიხიონ კონფლიქტამდელ პოზიციებზე და უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი წვდომა ოკუპირებულ რეგიონებში. მოსკოვს არც ერთი ეს პირობა არ შეუსრულებია. ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ფაქტობრივად იქცა დიდ რუსულ სამხედრო ბაზებად. როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში, განთავსებულია ათასობით რუსი ჯარისკაცი, შეიარაღებული უახლესი სამხედრო აღჭურვილობით: ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დედაქალაქი სულ რაღაც 40 კილომეტრითაა დაშორებული ცხინვალიდან, თბილისი რეალურ სამიზნეს წარმოადგენს. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსული მილიტარიზაციის პროცესს ვერ აკონტროლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც ომის დასრულებიდან მალევე შეიქმნა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგი დაევალა. რუსეთის ხელისუფლება მისიას ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. თუმცა, რიგ შემთხვევებში რუსული სამხედრო ობიექტების მშენებლობის პროცესის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მე თავადაც ვარ ქართულ სოფელში – ოძისში მიმდინარე მსგავსი პროცესის მოწმე“, – წერს ლუკ კოფი.

მისივე თქმით, რუსეთი და სეპარატისტული ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას 2011 წლიდან ახორციელებენ.

„ეს გულისხმობს მავთულხლართის და ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვას, რითაც კიდევ უფრო მძაფრდება ქართველი მოსახლეობის დაყოფის პროცესი. გარდა ამისა, რუსეთმა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა აღმართეს „სახელმწიფო საზღვრების“ აღმნიშვნელი ნიშნები, რითაც აფრთხილებენ ქართულ მხარეზე მყოფებს, არ გადაკვეთონ საოკუპაციო ხაზი. რიგ შემთხვევებში, რუსეთი აგრძელებს მიწების მიტაცებას, ზოგჯერ თითო მეტრით ყოველ ჯერზე, რასაც რუსეთის „მცოცავი ანექსიის“ სახელით მოიხსენებენ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქართველები იძინებენ თავისუფალი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ დილით იღვიძებენ საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში“, – წერს კოფი.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი ასევე აგრძელებს საქართველოში ჰიბრიდული ტაქტიკის გამოყენებას.

„2008 წლის ომის შემდეგ რუსეთი იყენებს პროპაგანდას, დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და რუსულენოვან ტელეარხებს, რათა გააძლიეროს პრორუსული/ანტიდასავლური ნარატივი საქართველოში. სულ ბოლოს, რუსეთმა გაავრცელა დეზინფორმაცია იმ უდიდესი სამუშაოს დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ის მიერ დაფინანსებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი ატარებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც კოფი აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა მაინც ვერ დააბრკოლა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე. ის ასევე ასახელებს იმ მიზეზებს, თუ რატომ უნდა განიხილავდეს აშშ საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ.

„არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილავდეს აშშ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან მოკავშირეს. პირველი რიგში, საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი არის აშშ-ის ნაცადი და სანდო მოკავშირე ისეთ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი. ბევრმა არ იცოდა, რომ 2008 წლის რუსული აგრესიის დროსაც კი საქართველოს, აშშ-ის შემდეგ, ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავდა ერაყში. 2012 წელს, როცა ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანა მოუთმენლად ელოდა ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, საქართველომ ამ მისიის ფარგლებში დამატებითად გაგზავნა ასობით მებრძოლი. ავღანეთში საქართველოს წვლილის რეკორდული მაჩვენებელი იყო 2 000 მებრძოლი, რომლებიც მსახურობდნენ ქვეყნის და, ალბათ, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში: ჰელმანდის და ყანდაარის პროვინციებში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, საქართველომ ბრძოლაში ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ კამპანიის 50%-ის განმავლობაში მის დანაყოფების რაოდენობრივი მაჩვენებელი არც თუ ისე მაღალი იყო. დღეს ავღანეთში მსახურობს 870 ქართველი. შედეგად, საქართველო არის ნატო-ს ეგიდით გამართულ წვრთნებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის.

მეორე მიზეზი გახლავთ, რომ საქართველო სტრატეგიული მდებარეობით ევრაზიის რეგიონში აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის მნიშვნელოვანია.

სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო მდებარეობს არსებითი მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ და კულტურულ გზაჯვარედინზე. ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა თავისი სტრატეგიული სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა დღესაც მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაგალითად, საქართველომ შესთავაზა ნატო-ს თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური შესაძლებლობები ალიანსის ჯარებისა და ტვირთის ავღანეთში ტრანზიტისთვის.

წლების განმავლობაში საქართველო ახორციელებს ქვეყნის საკვანძო აეროპორტების და საპორტო ობიექტების მოდერნიზაციას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში. საქართველოზე გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, ბაქო-სუფსას ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, ასევე მნიშვნელოვანი სარკინიგზო ხაზები (მაგალითად, ახლახან გახსნილი ბაქო-თბილისი-ყარსი). ნავთობის და გაზის მილსადენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესებისთვის რეგიონში.

და ბოლოს, საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მისაბაძი მაგალითია მთელ რეგიონში. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო დგას დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციასთან ბრძოლის და დემოკრატიის განმტკიცების დღის წესრიგს“, – ნათქვამია სტატიაში.

კოფის თქმით, დღეს საქართველო განასახიერებს ევროპულ იდეას, რომლის თანახმად ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა.

„დღეს საქართველო განასახიერებს ევროპულ იდეას, რომლის თანახმად ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა და გადაწყვიტოს, ვისთან ჰქონდეს ურთიერთობები და თავად ამ ურთიერთობების რაობა, ასევე ის თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა. აუცილებელია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. არავის (ამ შემთხვევაში რუსეთს) არ აქვს ვეტოს დადების უფლება ამა თუ იმ ქვეყნის წევრობასა თუ დაახლოებაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ნატო. ქართველების თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა სიახლეს არ წარმოადგენს. როგორც ბრიტანელმა დიპლომატმა და ქართველოლოგმა, სერ ოლივერ უორდროპმა აღნიშნა თავის წიგნში „საქართველოს სამეფო: მოგზაურობა ქალის, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“ (1888 წელი): „საინტერესოა, რომ ქვეყნის პოლიტიკური იდეები ნასესხებია დასავლეთ ევროპისგან. იაპონიის მაგალითს თუ არ ჩავთვლით, ალბათ, არ არსებობს ერი, რომელიც ფეოდალიზმიდან პირდაპირ ლიბერალიზმზე გადავიდა. ერთპიროვნული მმართველების შვილიშვილები, – ისინი, ვინც სულ რაღაც 25 წლის წინ მსხვილი მონათმფლობელები იყვნენ, – დღეს დემოკრატიული იდეის მხურვალე მხარდამჭერები არიან და ხმამაღლა აცხადებენ თავისუფლების, უფლისწულთა და გლეხთა, ბატონთა და ყმათა თანასწორობის და ძმობის იდეალებს“.

თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სკვერში წააწყდებით რონალდ რეიგანის ქანდაკებას, რომელიც სკამზე მოკალათებულა და სადღაც შორს, რუსეთის მიმართულებით იცქირება. მას თავდაჯერებული და კმაყოფილი გამომეტყველება აქვს. ძეგლს წარწერაც აქვს, რეიგანის ციტატა: „თავისუფლების შენარჩუნება ყოველი თაობის საზრუნავი უნდა იყოს“. რეიგანის რწმენას დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, ძლიერი თავდაცვის სისტემის და თავისუფლების მიმართ განასახიერებს დღევანდელ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რითაც ქვეყანა ესოდენ მკვეთრად განსხვავდება თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან – რუსეთისგან, სადაც დემოკრატიული თავისუფლებები დაკნინებულია, კორუფცია ყოვლისმომცველი, ხოლო მომავლის პერსპექტივა დამთრგუნველი.

რეიგანის ძეგლი შეახსენებს ყველა ქართველს, რამხელა გზა გამოიარა ქვეყანამ კომუნიზმის ჩაგვრის დღეების შემდეგ და რაოდენ ნათელი შეიძლება იყოს მათი მომავალი. დასავლეთს კი იგი შეახსენებს, რომ ცივი ომი თავისით არ დასრულებულა – ამას ბრძოლა დასჭირდა. ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, რადგან თავისუფლების იდეებმა დაამარცხა ტირანია, ხოლო კომუნისტურმა ცენტრალურმა დაგეგმარებამ ვერ გაუწია კონკურენცია ეკონომიკურ თავისუფლებას. ჯამში რეიგანის ღირებულებები, იდეები და ხედვა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი სამხედრო ძალა, რომლის შეკრებასაც ნატო ოდესმე შეძლებს. ასე რომ, რუსული აგრესიის მე-12 წლისთავზე ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და არა პირიქით. რუსეთია აგრესორი, ხოლო საქართველო – მსხვერპლი. საქართველოში რუსეთის მთავარ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ოდესღაც რუსეთის თუ საბჭოთა რეჟიმის კონტროლს დაქვემდებარებული ქვეყნების დაშორება დასავლური საზოგადოებისგან. სწორედ ამიტომ უნდა გააგრძელოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყურადღების გამახვილება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და მომავალშიც გვერდში დაუდგეს საქართველოს დეოკუპაციისკენ და ტრანსატლანტიკური ორიენტაციისკენ მიმავალ მშვიდობიან გზაზე“, – წერს ავტორი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 8, 2020 22:03