ლუგარის ცენტრის საქმიანობა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას საფრთხეს უქმნის – აცხადებს სეპარატისტული ხელისუფლება

“ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობა საქართველოში, სამხრეთ ოსეთთნ სიახლოვეს, საშიშროებას წარმოადგენს როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ასევე, ზოგადად სახელმწიფოსთვის” – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვადიმ სიუკაევმა პრესკონფერენციაზე 11 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, “ლაბორატორია შეშფოთებას იწვევს რუსეთში, შესაბამისად, სამხრეთ ოსეთშიც”.
სიუკაევმა, ასევე თქვა, რომ მსგავსი დანიშნულების ლაბორატორია, მხოლოდ აშშ-ში არსებობს და რომ მას საიდუმლოების 4 შესაძლო დონიდან 3+ აქვს.
ლაბორატორიიდან გამონადენი წყალი, პოლკოვნიკის თქმით, მდინარე მტკვარში ჩაედინება და მისი დაბინძურების დონეს არავინ ამოწმებს. “მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, ინფორმაციამდე წვდომა მაინც არ დაშვებულა” – აცხადებს დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ პრეტენზიები, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ინტენსიურად ისმის რუსეთიდან და მისი სატელიტი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან. რუსეთი, საქართველოს ყოფილ უშიშროების მინისტრზე იგორ გიორგაძეზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ. გუშინ იგივე განცხადებით გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარია ზახაროვა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა საჯაროდ ბოდიში მომიხადა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო