7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ლუდოვიკ ჰუდი: პუტინის ომი რუსეთის ეკონომიკას ასუსტებს და ჩინეთზე მოსკოვის დამოკიდებულებას ზრდის

რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან უკრაინაში წარმოებული ომი ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს, სამხედრო დანაკარგებს ზრდის და ჩინეთზე მოსკოვის დამოკიდებულებას აძლიერებს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი დიპლომატი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუდოვიკ ჰუდი წერს.

მისი შეფასებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ეკონომიკური და სამხედრო ძალა, როგორადაც მას ხშირად წარმოაჩენენ. ჰუდი მიიჩნევს, რომ დასავლეთმა მოსკოვთან ურთიერთობისას დათმობების ნაცვლად რუსეთის შეკავების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

რუსეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა ჰუდი ტაკერ კარლსონის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთის ეკონომიკა ბრიტანეთის ეკონომიკაზე დიდია. ავტორის მიერ მოყვანილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ბრიტანეთის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 4,3 ტრილიონი დოლარია, რუსეთისა კი  2,8 ტრილიონი დოლარი.

სტატიის ავტორის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აშშ-ის მაჩვენებელს. მისი მონაცემებით, 2013 წლიდან რუსეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 19%-ით გაიზარდა, აშშ-ის ეკონომიკა კი  34%-ით.

ჰუდის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომზე გაწეულმა დიდმა სახელმწიფო ხარჯებმა რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2023–2024 წლებში 4%-ზე მაღლა აიყვანა, თუმცა ეს ტენდენცია არამდგრადი აღმოჩნდა. მისი ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შემცირდა.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვი 2027 წელს თავდაცვის სფეროზე დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რაც ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით 35%-ს შეადგენს.

მცირდება ენერგეტიკული შემოსავლები და ფინანსური რეზერვები ჰუდის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაც ამძიმებს.

მის მიერ მოყვანილი მონაცემებით, 2025 წელს ნავთობისა და გაზის შემოსავლები 24%-ით შემცირდა და 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ენერგეტიკის სექტორზე ამჟამად ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით მეოთხედი მოდის, მაშინ როდესაც 2014 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის ნახევარს შეადგენდა.

სტატიის ავტორის ცნობით, რუსეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური რეზერვები 2022 წლის თებერვლამდე არსებულ დაახლოებით 113 მილიარდ დოლართან შედარებით 47 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

ჰუდი ყურადღებას ამახვილებს რეგიონული ბიუჯეტების პრობლემებზეც. მისი ინფორმაციით, 2025 წელს რუსეთის რეგიონების დაახლოებით 80%-მა იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო, ხოლო რეგიონების რეკორდულმა რაოდენობამ ჯანდაცვის რეალური დაფინანსება შეამცირა.

ომი რუსეთის დემოგრაფიულ პრობლემებს ამწვავებს ლუდოვიკ ჰუდი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომმა რუსეთის დემოგრაფიული და შრომითი რესურსების პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა.

მის მიერ მოყვანილი შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სამხედრო დანაკარგებმა დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი შეადგინა, მათ შორის, სავარაუდოდ, 450 000 დაღუპულია. ეს მაჩვენებლები დამოუკიდებლად გადამოწმებულ მონაცემებად არ უნდა ჩაითვალოს.

ამასთან, ავტორის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი სულ მცირე 650 000-მა ადამიანმა დატოვა. Bloomberg-ის შეფასებით კი, რუსეთის ეკონომიკას მინიმუმ 1,5 მილიონი მუშაკი აკლია.

ჰუდი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბალი შობადობა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლები გრძელვადიან დემოგრაფიულ გამოწვევებს ქმნის.

უკრაინაში ომმა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებიც გამოსცადა სტატიის ავტორის შეფასებით, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებისას გავრცელებული მოლოდინი, რომ მოსკოვი სამხედრო უპირატესობის წყალობით სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებდა, არ გამართლდა.

ჰუდის განცხადებით, 2023–2025 წლებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 1,5%-ზე ნაკლები დაიკავა. მისი შეფასებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, ხოლო უკრაინის დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებამდეც აღწევს.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს ევროპის უსაფრთხოების გარემოს ცვლილებაზეც. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისა და ევროპული ქვეყნების თავდაცვითი ხარჯების ზრდის ფონზე, ჰუდის აზრით, რუსეთის სტრატეგიული მდგომარეობა უფრო რთული გახდა.

რუსეთი ჩინეთზე დამოკიდებულებას ზრდის ჰუდის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მოსკოვსა და პეკინს შორის მზარდი ეკონომიკური ასიმეტრიაა.

მის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ჩინეთი რუსეთის იმპორტის დაახლოებით 35%-ს უზრუნველყოფს და რუსული ექსპორტის 30%-ს იღებს. ამავე დროს, რუსეთის წილი ჩინეთის საგარეო ვაჭრობაში 4%-ზე ნაკლებია.

ავტორის განცხადებით, დასავლური ტექნოლოგიებისა და მომწოდებლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემდეგ რუსეთი სანქცირებული მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ჩინეთიდან იღებს.

ჰუდი ასევე წერს, რომ ჩინეთი რუსულ გაზს სხვა უცხოელ მომხმარებლებთან შედარებით დაახლოებით 39%-ით დაბალ ფასად ყიდულობს. მისივე ინფორმაციით, „ციმბირის ძალა 2“-ის გაზსადენთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება არსებობს, მათ შორის  გაზის ფასზე.

სტატიის ავტორის შეფასებით, ამ ვითარებაში პეკინს მოსკოვზე მზარდი ეკონომიკური გავლენა აქვს, რადგან რუსეთს ჩინეთის ბაზარი და ტექნოლოგიური მიწოდება სულ უფრო მეტად სჭირდება.

ჰუდი დასავლეთს რუსეთის შეკავებისკენ მოუწოდებს ლუდოვიკ ჰუდის აზრით, რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო სირთულეები არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საფრთხეს აღარ წარმოადგენს. პირიქით, მისი შეფასებით, დასავლეთმა მოსკოვის შესაძლებლობები რეალისტურად უნდა შეაფასოს და ზეწოლა შეინარჩუნოს.

„რუსეთი არ არის თანასწორი პარტნიორი, რომლის გულის მოგებაც საჭიროა, არამედ დასუსტებული და სახიფათო ძალაა, რომლის შეკავებაც აუცილებელია“, -წერს ჰუდი.

მისი პოზიციით, დასავლეთის მიერ ზეწოლის გაგრძელება ზრდის უკრაინაში ომის ეკონომიკურ ფასს რუსეთისთვის და ზღუდავს მოსკოვის შესაძლებლობას, საერთაშორისო იზოლაციიდან დათმობების სანაცვლოდ გამოვიდეს.

banner
წინა სტატიაშიჯასტინ სუნმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ კრიპტოკომპანია World Liberty Financial-ს უჩივლა
შემდეგი სტატიაალგადი იმსახურებს ჩემპიონს- საქართველოს ბანკის კამპანიას  სადაზღვევო კომპანია ალდაგი შეუერთდა