პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად და მისი სულიერი ანდერძის აღსასრულებლად, მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დავადგინოთ მიტევების დღე,- აცხადებს ლოთი ქობალია.
მისი თქმით, ეს იქნება დღე, როდესაც უარს ვიტყვით დაპირისპირებაზე, დავივიწყებთ წყენას, შევუნდობთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნებთ ეროვნული ერთობის განმტკიცებაზე.
,,მე, ვახტანგ (ლოთი) ქობალია , საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სრულუფლებიანი საგანგებო რწმუნებული, ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველო და ცალკეული ქვედანაყოფები, მივმართავ სრულიად საქართველოს.
დიდი მწუხარებით ვუთანაგრძნობ ქართველ ერს, რომ აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II . სულიერი მამა, რომლის ღვაწლი და ავტორიტეტი ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოდ იქცა.
მისი ხსოვნის პატივსაცემად და მისი სულიერი ანდერძის აღსასრულებლად, მოვუწოდებ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს: დავადგინოთ მიტევების დღე , დღე, როდესაც უარს ვიტყვით დაპირისპირებაზე, დავივიწყებთ წყენას, შევუნდობთ ერთმანეთს და ერთად ვიზრუნებთ ეროვნული ერთობის განმტკიცებაზე.
მოვუწოდებ, როგორც ხელისუფლებას, ყველა პოლიტიკურ ძალას ,მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა გამოხატონ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე და ხელი შეუწყონ საზოგადოების შერიგებას.
დღეს, როდესაც გლოვის ტკივილი აერთიანებს საქართველოს, გვმართებს გავიაზროთ, რომ სიძულვილსა და დაპირისპირებას არ აქვს მომავალი. უწმინდესის მიერ განვლილი გზა გვავალდებულებს ერთიანობას, ურთიერთპატივისცემასა და მიტევებას.
დაე ეს მძიმე დღე იქცეს ახალი დასაწყისის საფუძვლად ეროვნული შერიგების, ერთიანობისა და იმ ღირსეული მიზნების განხორციელებისთვის, რომელთათვისაც მრავალი ქართველი თავისუფლებისთვის შეეწირა.
პატრიარქის უკანასკნელ დღეს, 22 მარტს , თუ საპატრიარქო საყოველთაო”მიტევების დღედ” დანიშნავს, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება. დაე ეს დღე იქცეს დასაბამი ქართველი ერის გაერთიანებისა”,- წერს ლოთი ქობალია
















