ლორთქიფანიძე – ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროგრამა შეეხება 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის პროგრამა შეეხება 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს, განურჩევლად გამყოფი ხაზისა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 600 00 ევროს ოდენობის დახმარება ძირითადად მოხმარდება მსხვერპლთა სამედიცინო მკურნალობას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

„ეს გადაწყვეტულება არის მნიშვნეოვანი როგორც მსხვერპლთა ფონდისათვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თვალსაზრისით, რადგან ამ ტიპის პროგრამა პირველად ხორციელდება ევროპულ ქვეყანაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასმართლომ 2008 წლის ომის გამოძიება დაიწყო. ეს პროგრამა შეეხება 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს, განურჩევლად გამყოფი ხაზისა. ის არის სამწლიანი და მოიცავს 600 ათასი ევროს ოდენობის დაფინანსებას. ეს თანხა ძირითადად მომხმარდება სამედიცინო მკურნალობას, ასევე ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და სხვა სახის მხარდაჭერას.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ დახმარების პროგრამის კონკრეტული დეტალები ცნობილი გახდება საქართველოს მთავრობასთან, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ის გარემოება, რომ კორონავირუსის პირობებშიც კი არც ერთი წამით არ შეწყვეტილა მსხვერპლთა ფონდისა და მისი გუნდის მუშაობა. ამ თავდადებული ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, მათ შორის საქართველოს თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამისთვის მადლობა მათ, მადლობა ასევე საქართველოს მთავრობას, ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვებს კარგი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდმა აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა. ფონდის დირექტორატი 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის 600 000 ევროს მოცულობის დახმარების სამწლიან პროგრამას იწყებს.

banner
წინა სტატიაშიახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ
შემდეგი სტატიანიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს განახლდება