ლორა თორნტონი : საქართველოში გამოკითხვის თანახმად, სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში ნატო-ს განსხვავებულად აღიქვამენ

ენდიაის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა (59 პროცენტი) და ნატო-ში (55 პროცენტი) გაწევრიანებისთვის მზად არ არის.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რა უშლის ხელს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 36 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტებია, 20- პროცენტის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს უშლის რუსეთი და დემოკრატიის ნაკლებობას მიიჩნევს – 15 პროცენტი.

რაც შეეხება ნატო-ს, გამოკითხულთა 47 პროცენტი ფიქრობს, რომ ნატო-ში გაწევრიანებას საქართველოს ხელს უშლის რუსეთი, ხელისშემშლელ ფაქტორად ნატო-ში გაწევრიანების ოკუპირებული ტერიტორიებს ასახელებს გამოკითხულთა 42 პროცენტი, ხოლო დემოკრატიის ნაკლებობას მიიჩნევს – 12 პროცენტი.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა მყარია, ყურადსაღებია ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ ევროკავშირი ქართული კულტურისა და ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ევროკავშირის მხარდაჭერის გაზრდაზე მომუშავე ორგანიზაციებმა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან ევროკავშირის წევრობის არსი და მისი მიზნები,” – აღნიშნავენ ენდიაიში.

ენდიაის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებით, პირველად, მათი პროექტის ისტორიაში, ეთნიკური უმცირესობები აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან დასახლებებად გაყვეს.

თორნტონის თქმით, საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ნატო-ს სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში.

„მაგალითად, ნატო-ზე თუ ვისაუბრებთ, სომხურენოვან დასახლებებში ნატო-ს წინააღმდეგი არიან საკმაოდ მკაფიოდ და გამოხატულად, მაშინ როდესაც აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში უბრალოდ არ იციან, უჭერენ თუ არა ნატო-ს მხარს. ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება და მესიჯია იმ ადამიანისთვის, ვისი მიზანიც არის საქართველოს მოსახლეობა დააყენოს პროევროპულ კურსზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ორი ტიპის დასახლებას სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. სომხურენოვან დასახლებაში მოსახლეობას აზრი უნდა შევაცვლევინოთ, ხოლო აზერბაიჯანულენოვან დასახლებაში უბრალოდ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან ისინი ძალიან ბევრ სხვა კითხვაზეც ამბობენ პასუხს – არ ვიცი, ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე“,- აცხადებს თორნტონი.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს.

აღნიშნული კვლევა, 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა, ძალადობა და ხელშეშლა ჟურნალისტურ საქმიანობაში- ომბუდსმენი ფაქტების გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატია45% : აბაშიძე-კარასინის ფორმატი უსარგებლოა – NDI