ლორა თორნტონი – საქართველოში დემოკრატიის ბოლო ბასტიონი მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა-„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში

„ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ეფექტურად ჩაიგდო სახელმწიფო ხელში. მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი და პარლამენტი, რომლებიც, ჩემი აზრით, არალეგიტიმურია. ძალაუფლების აბოსლუტურად ყველა შრე, საკანონმდებლო ხელისუფლების ჩათვლით, მათ ხელშია, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიის ბოლო ბასტიონი ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა.

თორნტონმა მედიის შესახებ კანონთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ეს არის თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა.

„ეს უკვე კარგად ცნობილი სცენარია და ის გვინახავს, მაგალითად, უნგრეთში, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინზე, რომელმაც რამდენიმე ისეთი კანონი დააინიცირა, რაც ძალიან ჰგავს იმას, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, დამატებით პრობლემას ქმნის ის, რომ ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებდა, ახლა გაქრა. ასე რომ, ვფიქრობ სამომავლოდ საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება არა მარტო კანონმდებლობა, რომელიც საგარეო დაფინანსებას კრძალავს, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში, რომელიც მდიდარი არაა, როგორ უნდა მივიდნენ [მედიები] ადგილობრივ დონორებთან, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი სუბსიდირების ორგანიზება მოხდეს და ა.შ. ვფიქრობ ბევრ მედიასაშუალებას და ჟურნალისტს დაფინანსების ადგილობრივად მონახვა მოუწევს და ეს საკმაოდ რთული იქნება“, – აცხადებს ლორა თორნტონი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შაბათს უკრაინის საკითხზე ლიდერების მორიგ სამიტს გამართავს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაზე: ქართული ოცნების” მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი მათ მიერ გაჩერებული ანაკლიის პროექტის გარშემო