მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნებისთვის” არჩევნებში წაგება მიუღებელია. თორნტონი ამის ერთ-ერთ მიზეზად ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შიშს ასახელებს, რომ წაგების შემთხვევაში, მას დასჯიან. მისი თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარი რიტორიკით ახლა ქმნის საბაბს, რომ არჩევნების შედეგები უარყონ.
ლორა თორტონი პირდაპირ ამბობს, რომ არ აქვს იმედი, რომ “ქართული ოცნება” წაგებას შეეგუება და ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს.
სამწუხაროდ, საქართველო მივიდა იმ მომენტამდე, როცა წაგება არჩევანი უბრალოდ არ არის. საქართველოში არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მაგალითად, არ ქმნი ანალიტიკურ ცენტრს, შემდეგ კი არ გაქვს მოლოდინი, რომ პენსიაზე გასულს კარგი ცხოვრება გექნება. ძირითადად ისე ხდება, რომ დამარცხების შემდეგ ან იდევნები, ან ციხეში გსვამენ. ეს არ არის მარტივი გზა განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუ ის დამარცხდება, სავარაუდოდ, ის შიშობს და შეიძლება ამაში არც ცდებოდეს, რომ რაიმე სახით დაისჯება, ქვეყნის დატოვება მოუწევს, შესაძლოა, სისხლის სამართლის ბრალდებაც კი წაუყენონ. სხვა ქვეყნებში მინახავს, რომ ხალხი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რადგან მარცხი მათთვის არჩევანი არ არის. ასევე, „ქართული ოცნების“ რიტორიკა აჩენს განცდას, რომ მარცხი მათთვის მიუღებელია. ამ რიტორიკით ისინი ქმნიან საბაბს, როგორ უარჰყონ არჩევნების შედეგები. მე არ ვამბობ, რომ ისინი არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებიან, მე ვამბობ, რომ თუ ისინი წააგებენ, ამ მოცემულობისთვის შექმნეს საფუძველი იმის საბაბად, თუ როგორ თქვან უარი შედეგებზე ისე, როგორც ეს, მაგალითად, ვენესუელაში მოხდა. იმედი მაქვს, ვცდები. არიან საქართველოში ადამიანები, ვისაც მე ვენდობი და მათ სჯერათ, რომ წაგების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას აუცილებლად დათმობს. მე ამის ვარაუდი რატომღაც მიჭირს, – ამბობს ლორა თორტონი.