დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ლონდონში არსებული ბინძური ფულის დასანქცირებაში, რათა თავიდან აირიდოს ქართველი ხალხის რეპრესიაში თანამონაწილეობის ბრალდება — ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) ბრიტანელმა დეპუტატმა პერან მუნიმ განაცხადა. მისი თქმით, ყოველგვარი დათმობებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე, საქართველოს ხელისუფლებასთან ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ჩართულობის გაგრძელება.
ბრიტანელმა პოლიტიკოსმა მკაცრად გააკრიტიკა თბილისში არსებული რეჟიმი და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა დაკარგეს მიუკერძოებლობა:
„მეგობრებო, პირდაპირ უნდა ვილაპარაკოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია სისტემატურად იარაღად იყენებს სასამართლო სისტემას, რათა მიზანში ამოიღოს და ჩაახშოს ოპოზიციური პარტიები და მშვიდობიანი დემონსტრანტები“.
მუნის თქმით, დამოუკიდებელი ორგანოები დღეს გამოიყენებიან მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის ჩასახშობად, ცენზურისა და დამოუკიდებელი მედიის დასასჯელად.
პერან მუნიმ ასამბლეის ყურადღება მიაპყრო იმ ადამიანებს, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებულები:
მზია ამაღლობელი — პატივცემული ჟურნალისტი.
საბა ჯიქია და საბა სხვიტარიძე — ორი მშვიდობიანი დემონსტრანტი.
ელენე ხოშტარია — „ოთხი შვილის დედა, რომელიც მძიმედ არის დაავადებული და ჩამორთმეული აქვს სამედიცინო ყურადღება, რომელიც მას ასე სჭირდება“.
ამ სახელების უკან ათობით და ათობით მეტია. და ამ ასამბლეამ უნდა უზრუნველყოს, რომ მათი ხმების გაგონება გაგრძელდეს კონტინენტის მასშტაბით. რეპრესია უნდა გაჩერდეს, ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს“, — განაცხადა დეპუტატმა.
გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული ნაწილი გაერთიანებული სამეფოს როლს და ფინანსურ ბერკეტებს შეეხო. მუნის თქმით, ლონდონმა თვალი არ უნდა დახუჭოს რეპრესიებზე:
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ლონდონში განთავსებული იმ „ბინძური ფულის“ წინააღმდეგ, რომელიც ქართულ რეპრესიებს უკავშირდება.
მუნი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭომ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და არ წავიდეს უშედეგო კომპრომისებზე: „რაიმე ხელშესახები ვალდებულებების ან დათმობების, მათ შორის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე, საქართველოს მთავრობასთან ჩართულობა ვერ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს“.















