ლონდონმა სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილების ინტერვიუს “შეურაცხმყოფელი” უწოდა

სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილების ინტერვიუს, რომელიც რუსულ ტელეარხზე დღეს გავიდა, ლონდონმა “შეურაცხმყოფელი” უწოდა – ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წარმომადგენელმა Reuters-თან თქვა. “ამ ინტერვიუში, რომელიც მათ მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას მისცეს, სიცრუე და აშკარა ტყუილია, სპეცსამსახურების შეურაცხყოფაა. მეტიც, ამ საშინელი შეტევისა მსხვერპლისა და მათი ნათესავების უკიდურესი შეურაცხყოფაა” – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს ტერეზა მეის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბრიტანული მხარე სხვას არაფერს ელოდებოდა მოსკოვისგან – “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი (ეჭვმიტანილები – რედ) ბრიტანული სასამართლოს წინაშე წარსდგნენ თუკი, ცალი ფეხით მაინც დატოვებენ რუსეთს” – თქვა მეის წარმომადგენელმა.

13 სექტემბერს ტელეარხ RT-ს ეთერში გავიდა ინტერვიუ მამაკაცებთან, რომლებსაც ბრიტანეთის მთავრობა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებად მიიჩნევს. მამაკაცების თქმით, სოლსბერი ლამაზი ტურისტული ქალაქია, ამიტომაც ეწვივნენ მას. ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა დაადასტურეს, რომ ბრიტანეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ისინი არიან აღბეჭდილი.

“თქვენ სინამდვილეში ვინ ხართ?” – კითხა მამაკაცებს ჟურნალისტმა. “ისინი, ვინც ფოტოებზე აჩვენეს” – პეტროვმა უპასუხა. მათი თქმით, პეტროვი და ბოშიროვი მათი ნამდვილი გვარებია. შეკითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ ისინი სოლსბერიში, პეტროვმა და ბოშიროვმა უპასუხეს, რომ ქალაქში იყვნენ, როგორც ტურისტები. “იქ ძალიან ლამაზი ეკლესიაა” – ბოშიროვმა თქვა.
– სკრიპალის სახლთან გაიარეთ? – ჟურნალისტმა კითხა მამაკაცებს.
– შეიძლება გავიარეთ კიდეც – თქვა ბოშიროვმა.
– რომ ვიცოდეთ სად მდებარეობს – ბოშიროვმა დაამატა.
– შეიძლება გავიარეთ, არ ვიცი. სანამ ეს კოშმარი არ დაიწყო, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა და მათზე არაფერი ვიცოდი – ბოშიროვმა თქვა.
– თქვენ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება ხომ არ გქონდათ? – წამყვანმა იკითხა.
– არა – მოკლედ უპასუხა ბოშიროვმა.
– ვფიქრობ, ეს ბოდვაა – პეტროვმა დაამატა.
– თქვენ ყოველთვის ერთად იყავით? რა გაერთიანებთ თქვენ? – წამყვანმა იკითხა.
– მოდით, პირადი ცხოვრების გამოქექვა არ გვინდა. ჩვენ დაკითხვაზე არ ვართ. – ბოშიროვმა თქვა.
შეკითხვაზე, თუ სად მუშაობენ ისინი, პეტროვმა უპასუხა, რომ “საშუალო დონის მეწარმეები არიან”.
– მოკლედ რომ ვთქვა, ეს ფიტნეს ინდუსტრიაა: ვიტამინები, მიკროელემენტები, პროტეინი და სხვა – პეტროვმა თქვა.
– სწორი კვება, ცხოვრების ჯანმრთელი წესი – ბოშიროვმა დაამატა.

გასულ კვირას ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ რუსეთის ორი მოქალაქის სახელი და გვარი დაასახელა, რომლებიც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები არიან. მეის თქმით, რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილების მოგონილი სახელებია. ბრიტანეთის სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმე დღის წინ გაეროში იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინეს, რომ სკრიპალები პეტროვმა და ბოშიროვმა მოწამლეს სოლსბერიში.

banner
წინა სტატიაშისირიის არმიამ იდლიბსა და ხამში შეტევები დაიწყო
შემდეგი სტატიაქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს