ლონდა თოლორაია : „მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, იმისათვის რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ
დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და
არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან
შეხვედრა გამართა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას
განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისთვის
მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რისკის
შემცველი არასრულწლოვნების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის
პროექტებში დროულად ჩართვა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმოადგენს ანგარიშს არასრულწლოვანთა მიმართ და მათ მიერ ჩადენილი
დანაშაულების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორს, სხვა
სახელმწიფო სტრუქტურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოვუდგინოთ რეალური
სურათი, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ. ამ ანგარიშის
წარმოდგენას აქვს ერთადერთი მიზანი, მიზანი იმისა, რომ კოორდინირებულად
ყველა სახელმწიფო უწყებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ საერთაშორისო
ორგანიზაციებმა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ავარიდოთ არასრულწლოვნები,
როგორც დანაშაულის მსხვერპლობას, ასევე ის, რომ ისინი არ დადგნენ
დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე. 2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა
– გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად
არასრულწლოვნები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს
გახლავთ ქურდობა. მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის
შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს,
ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო
ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის
მიზეზი შეიძლება იყოს ორი – პირველი, შესაძლოა ნამდვილად მოიმატა
არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი
შესაძლოა იყოს მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდაც, იმიტომ, რომ როგორც
მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობაზე ზოგადად გაიზარდა მომართვიანობა, მათ
შორის არასრულწლოვანთა მხრიდანაც. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიერ
ჩადენილი დანაშაულების გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სახელმწიფო
ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და ბავშვების საჭირო სერვისებში ჩართვა,
იმისათვის რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე.
რისკის შემცველი ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის
პროექტებში დროულად ჩართვა.
კანონმდებლობის გამკაცრებას ნამდვილად არ ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი
ღონისძიება, პირიქით, ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეხება იმას, რომ
პრევენციის მიზნით კიდევ უფრო კოორდინირებული გახდეს სახელმწიფო ორგანოების
მუშაობა“.- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე – თალაკვაძე
შემდეგი სტატიადავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება