ლომჯარია – თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში, გასული წლის დეკემბერში, თუმცა, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ იმ ბავშვებთან შეხვედრას გეგმავს, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან დაბრუნდნენ ოჯახებში ან იმყოფებიან ნათესავებთან.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გუშინ შეხვდა მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ განთავსებულ ექვს ბავშვს, რომლებიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გატარებულ პერიოდზე ესაუბრნენ.

„ძალიან რთული იყო ეს საუბარი, რადგან მათივე განცხადებით, არაერთი ცუდი სტერეოტიპი ჰქონდათ სახალხო დამცველის შესახებ ბავშვობის განმავლობაში მოსმენილი და არ იყო მარტივი გულწრფელად ესაუბრათ. ვფიქრობ, ფსიქოლოგების საუბრები უფრო მეტის მომცემი იქნება, რადგან შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტი აქვთ სათქმელი ბავშვებს, რომელთანაც ერთი შეხვედრა არ იყო საკმარისი ყველაფრის მოსაყოლად. ისინი ადასტურებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. თუმცა ამბობენ, რომ ეს ძალადობა ძირითად ხდებოდა მცირეწლოვნობის ასაკში. დაახლოებით ასახელებენ 4-5 წლიდან 10 წლამდე პერიოდს. როცა ვეკითხები, როდის შეეხნენ ფიზიკურად ბოლოს დაახლოებით 9-10 წლის ასაკს ასახელებდა სხვადასხვა პირი. ამას იმით ხსნიან, რომ როცა წამოიზარდნენ, შეეძლოთ გაეპროტესტებინათ, ეთქვათ სხვებისთვის ან გაეწიათ წინააღმდეგობა. ისინი ამბობენ, რომ პატარები უფრო მეტად არის ამ რისკის ქვეშ. რაც შეეხება ძალადობის ფორმებს, ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ და ხელში ეჭირათ სკამები, ხდებოდა კვების გამოტოვება და აყურებიდნებდნენ აღმზრდელები როგორ იკვებებოდნენ სხვები. მაგალითად რამდენიმე ღამის განმავლობაში უძილობა, ფეხზე დგომით დასჯა. ასევე ასახელებენ, რომ ფიზიკურ შეხებას ჰქონდა ადგილი როგორც ხელით, ასევე ჯოხებით და სხვადასხვა ნივთებით. ასახელებენ ფსიქოლოგიურ ძალადობის ფორმებსაც, მათ შორის შეურაცხყოფას მათი მშობლების მისამართით. რაც ყველაზე მტკივნეული იყო მათთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, გეგმავს მოინახულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ის ბავშვები, რომლებიც პანსიონში იყვნენ.

„ვაპირებ, შევხვდეთ ასევე იმ ბავშვებს, რომლებიც დაბრუნდნენ ოჯახებში ან იმყოფებიან ნათესავებთან. ასევე აუცილებლად მოვინახულებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ვიცით, რომ შვიდი მათგანი იყო გამოყვანილი პანსიონიდან და ზოგადად, შევხვდებით ყველა ბავშვს და გავაგრძელებთ იმ ბავშვების მონიტორინგს, რომლებიც რჩებიან პანსიონში. თითოეული მათგანი უარყოფს ბოლო წლების განმავლობაში მათ მიმართ ძალადობას, თუმცა აქ არის უკვე საჭირო ფსიქოლოგების და ექსპერტების ჩართვა, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ“,- განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან აქვს ინფორმაცია, რომ 2016 წლის შემდეგ ამ პანსიონში არ ჩარიცხულა არც ერთი ბავშვი.

„მაისის ბოლოს მივიღეთ კიდევ ერთი წერილი სააგენტოდან, რომელიც გვატყობინებდა, რომ ამ პანსიონში არ ირიცხებიან სკოლამდელი აღზრდის ბავშვები ანუ ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. თუმცა, გავრცელებულ კადრებში, რომელიც პანსიონის ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა, ჩანან ბავშვები, რომელთა ასაკი სავარაუდოდ 4-5 წელია. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტით და თვითმხილველებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, გვეუბნებიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვები ჩაირიცხნენ პანსიონში, გასული წლის დეკემბერში. თუმცა, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტაციაში ბავშვები არ ჩანდნენ. მოგეხსენებათ, ბავშვები შეიძლება ჩაირიცხოს მხოლოდ სახელმწიფოს გავლით, ანუ სახელმწიფოს სოციალურმა აგენტმა უნდა ჩარიცხოს ბავშვები. შესაბამისად, ეს ფაქტი მაფიქრებინებს, რომ პანსიონში ხვდებოდნენ ბავშვები, რომელთა შესახებაც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია, არ იყვნენ აღრიცხული და სახელმწიფო ზრუნვის, შესაბამისი ინტერესების დაკმაყოფილება ამ ბავშვების არ ხდებოდა. რაოდენობა ჩვენი ინფორმაციით, არის სამი ბავშვი. აქედან ორი ვიცით, რომ არის 4-5 წლის, ერთ ბავშვთან დაკავშირებით გვინდა, რომ მოვიძიოთ ინფორმაცია.

სოციალური მუშაკი დიდი ხანია, შესული ამ პანსიონში და ამ ბავშვების გამოყვანა ვიცით, რომ მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა. იმ დროს, როცა ეს ბავშვები იქ მოხვდნენ, სოციალური მუშაკი ვერ შედიოდა და მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. შესაბამისად, იქ სახელმწიფოს გვერდის ავლით ხვდებოდნენ ბავშვები, ამიტომ არ ვიცი, რეალურად რამდენი ბავშვი იყო იქ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – კარგი იქნება თუ სააკაშვილი ამ ქვეყანას დაანებებს თავს
შემდეგი სტატია„მადლობა ზრუნვისთვის“ – „კუმ დეო – ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმსა და ლატალში საქველმოქმედო აქცია გამართა