ლომჯარია – შეშფოთებული ვარ უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებულია 2021 წლის 27 ოქტომბერს უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვასთვის საქართველოში შემოსვლის დროს დაბრკოლებების შექმნის ფაქტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს.

„ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მიზნით მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მიაწოდა სრული ინფორმაცია მისი ვინაობის და მგზავრობის მიზნის შესახებ, აგრეთვე წარადგინა დიპლომატიური სამგზავრო დოკუმენტი, იგი დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს საზღვარზე და მხოლოდ გარკვეული ზარების განხორციელების შემდეგ შემოუშვეს. უკრაინის ომბუდსმენი ასევე მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არაკეთილგანწყობილ და ცინიკურ დამოკიდებულებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი ღრმად შეშფოთებულია მისი კოლეგის, უფლებადამცველის და მეგობარი სახელმწიფოს ოფიციალური პირისთვის საქართველოში შემოსვლის დროს შექმნილი დაბრკოლების ფაქტით. მსგავსი ფაქტები კატეგორიულად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას.

მედიაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია არაერთი უცხოელი პირის, მათ შორის უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, ჟურნალისტი დიმიტრი გორდონის და ამავე ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევებთან დაკავშირებით. ორივე მათგანი აღნიშნავს, რომ მათთვის არ განუმარტავთ უარის თქმის მიზეზები. საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს ხსენებული შემთხვევების შესწავლას და უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირებას“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა არჩევანს გააკეთებს პროგრესის სასარგებლოდ
შემდეგი სტატიაწულუკიანი: სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ