ლომჯარია: ოლსონის განცხადებები ალბათ, დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან არის დაკავშირებული

ერიკა ოლსონის განცხადებები, ალბათ, არის დაკავშირებული დემოკრატიის მიმართულებით ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები აშშ-ის მხრიდან ჟღერდება.

„მე შევხვდი ერიკა ოლსონს, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. ის ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ძალიან გამიხარდა და მისასალმებელია მისი მხრიდან აქცენტების გაკეთება იმ საკითხებზე, რაზეც მეც ვესაუბრე მას. ეს იყო სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხები და ამ მიმართულებით არსებული სერიოზული გამოწვევები. ეს იყო საარჩევნო რეფორმის საჭიროება და ასევე, მე განსაკუთრებით ხაზი გავუსვი მედიის წინაშე მდგარ იმ პრობლემებს, რაზეც ახლა თქვენც გესაუბრეთ. ვთხოვე სახელმწიფო დეპარტამენტს ამ მიმართულებით კრიტიკული, დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა ქვეყანაში. მისასალმებელია, რომ ეს გზავნილები მათი მხრიდან ჟღერდება და იმედი მაქვს, აშშ-ის ხელისუფლებისა და მთავრობის მხარდაჭერის საქართველოში ამ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიმართულებით. მისი განცხადებები ალბათ არის დაკავშირებული ბევრ არასწორ და უკან გადადგმულ ნაბიჯთან დემოკრატიის მიმართულებით. საერთო ჯამში, 5 ივლისი იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ასეთი განცხადებების გაკეთების ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც ხედავენ რომ დღემდე დაუსჯელი და გამოუძიებელია ორგანიზატორთა როლი ამ ჯგუფურ ძალადობაში. ასევე, მათ იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ მიუხედავად დაპირებებისა, სასამართლო რეფორმის მიმართულებით არსებითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ისიც, რომ კვლავ გრძელდებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და დასრულდა ისე, რომ არცერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ ამ პროცესის არსებითი გაჯანსაღებისთვის. ასევე, საარჩევნო რეფორმის მიმართულებითაც, თუნდაც ის, რომ ბარიერის დაწევის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ესეც იწევს მათ იმედგაცრუებას, რომ ეს საკითხები არ ხორციელდება,“- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონის თქმით, ამერიკას აწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა და სურთ იხილონ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ერიკა ოლსონმა.

banner
წინა სტატიაშივატო წერეთელი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამამისს, ავთანდილ წერეთელს დააპატიმრებენ
შემდეგი სტატიაალასანია: კარგად რომ არ არის, ამას ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ