ლომჯარია მუქარის წერილებზე: მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით

ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ მუქარის შემცველ წერილებზე საქართველოს სახალხო დამცველიც საუბრობს. ნინო ლომჯარია საკუთარ Facebook გვერდზე ფოტოებს ავრცელებს.

მისი თქმით, მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი სახალხო დამცველი გახდა.

“ჩემი ისტორიაც მინდა დავწერო: ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც სახალხო დამცველი გავხდი… აქამდე საჯაროდ ამ თემაზე არ მისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, რომ საკითხის მასშტაბურობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე, ყველამ უნდა ისაუბროს ამაზე, ერთხმად უნდა დავგმოთ მუქარა და ძალადობა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს ის და სამართალდამცავებს მოვუწოდოთ მთელი სერიოზულობით მოეკიდონ მსგავსი ფაქტების გამოძიებას.

რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი; მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით და ა.შ…. უკვე ბევრისგან მსმენია იგივე, განსაკუთრებული სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები, კანდიდატები არიან… სამწუხაროდ, უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა მუქარა და შეურაცხყოფა, დაუსრულებელი შეტყობინენები, სადაც გაურკვეველი პირები სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან.

ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა, და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და ძალადობის მოწოდებას. მოვუწოდებს შსს-ს უკვე განხორციელებულ მუქარებსა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე მოახდინოს კანონის მთელი სიმკაცრით რეაგირება, რადგან ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ერთ ან ორ კანდიდატს, ეს ეხება ყველას და შეეხება თითოეულ ჩვენგანს, ვისი აზრიც ვიღაცისთვის ერთ დღეს მიუღებელი იქნება.

აქვე, ვასაჯაროებ რამდენიმე მუქარის შემცველ შეტყობინებას ჩემი მისამართით. სამწუხაროდ, ნაწილი წამეშალა ან ვერ შევინახე.

პ.ს. აქვე დავამატებ, რომ შსს-სთან მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, თუმცა, მინდა ყველამ იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც ოდესმე ვინმეს სიცოცხლის მოსპობით, ან ძალადობით დაემუქრება”, – წერს ნინო ლომჯარია.

 

banner
წინა სტატიაშიკოლექტიური სერგო ორჯონიკიძე ივანიშვილი_ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით პუტინის განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად ემზადება
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: ამ გადაწყვეტილებაზე დგას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობა და მომავალი ბრძოლების იდეური არსი