ლომჯარია: მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, მოვუწოდებ მაღალი თანამდებობის პირებს, გააკეთონ სწორი განცხადებები

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი პრაიდმა“ დაანონსებული მარში გააუქმა, საფრთხე კვლავ არსებობს.

ამიტომ, ლომჯარია მოუწოდებს პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ამ ადამიანის უსაფრთხოება.

„რაც შეეხება ამ წუთას არსებულ ვითარებას, ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგუფები რეალურად კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისხტებს, ასევე, ადამიანებს, რომლებსაც ცნობენ და აღიქვამენ როგორც მხარდამჭერებად ლგბტ თემის. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაიდმა გააუქმა დაანონსებული მარში, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ამ ადამიანის უსაფრთხოება. დღეს ირღვეოდა როგორც სამოქალაქო უფლებები, ირღვეოდა ჟურნალისტების უფლებები, თუმცა დღეს არა თუ პრაიდის ჩატარება-არ ჩატარებაზე ან გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ და დღემდე სიტუაცია არის უკონტროლო, მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება რეალური საფრთხე, ასევე, საკუთრების უფლება არის დარღვეული და პირად სივრცესაც არღვევენ ეს ადამიანები, არსად არ არის უსაფრთხო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებსაც, გააკეთონ სწორი განცხადებები და არა ისეთი, რაც მეტად წაახალისებს დისკრიმინაციას და ძალადობას.

„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა და მოვუწოდებ ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, საჯარო პირებს, რომ გააკეთონ მხარდამჭერი, სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც მეტად წაახალისებს დისკრიმინაციას და ძალადობას, რასაც მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: მივმართავ ყველა ტელევიზიას: ერთად მოვიფიქროთ რაიმე
შემდეგი სტატიასაპატრიარქო: შეიკრიბოს ქაშუეთის ტაძართან და დაესწარით ლოცვას