ლომჯარია: განჩინებით, საფრთხე ზოგადი მდგომარეობაა, არ შეიძლება აღიქვან მხოლოდ შშმ-ებისთვის

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება სასამართლოს მიერ PHR-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ. ომბუდსმენი არსებითად გამოყოფს იმ ფაქტს, რომ სასამართლო განჩინებაში საფრთხის შემცველად აფასებს პანსიონში არსებულ ზოგად მდგომარეობას და მისი გადაწყვეტილება არ შეიძლება აღქმულ იქნეს, რომ თითქოს საფრთხე მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არსებობს.

“საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმოადგენს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე სუბიექტს, რომელსაც მოსარჩელის სტატუსით სარგებლობის უფლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით აქვს. შესაბამისად, სასამართლო, შეზღუდული იყო გადაწყვეტილება მიეღო პანსიონში მცხოვრებ ყველა ბენეფიციარზე”. – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ, ცალსახად მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს და საჭიროებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ პანსიონში არსებული მდგომარეობა არათუ არ შეესაბამება არასრულწლოვანთა ინტერესებს და არსებულ სტანდარტებს, საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის ძალადობისგან დაცვის, სრულფასოვანი განვითარების, სოციალიზაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით.

“აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დაწესებულებაში სახელმწიფოს ზედამხედველობა ფაქტობრივად 10 თვის განმავლობაში არ ხორციელდებოდა, აღდგენის შემდეგ კი ზედამხედველობა შეფერხებებით და არასრულფასოვნად მიმდინარეობს, რაც არასრუწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების აშკარა ხარვეზებზე მეტყველებს. შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, შშმ ბენეფიციარების ოფიციალური სტატისტიკა არ შეესაბამებოდეს არსებულ რეალობას და სინამდვილეში, მათი რაოდენობა ბევრად მეტი იყოს. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განჩინების ყველა ბენეფიციარზე გავრცელებისა და პანსიონიდან თითოეული არასრულწლოვნის დაუყოვნებლივი გამოყვანის აუცილებლობას, რათა მოხდეს ბავშვების დროული შეფასება და მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანისა და ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს არასრულწლოვანთა უსაფრთხოებისა და ინტერსების მაქსიმალური დაცვით, რათა მათ შორის, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამწვავება. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მულტიდიციპლინური მიდგომით უნდა მოხდეს თითოეული ბენეფიციარის და მისი ოჯახის შეფასება და უპირატესად უნდა იქნეს განხილული ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების საკითხი, საჭიროებისამებრ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა მყისიერად, ბავშვების ინტერსებისა და უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით მოხდეს სასამართლო განჩინების აღსრულება”. – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგოლეთიანის თქმით, „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა აქვთ გადაკეტილი
შემდეგი სტატიაყოფილი აღსაზრდელის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში მასზე სექსუალურად იძალადეს