ლომჯარია – 2021 წელს მოქალაქეების დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე კვლავ საუბრობენ

2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.

ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის კუთხით მნიშვნელოვანი იყო დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე უნდა შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული რეკომენდაციები და 6 ივლისსა და პირველ დეკემბერს 10 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ აირჩია, რითაც დასრულდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება.

ეუთო/ოდირის მიერ აღინიშნა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო და განჭვრეტადი სტანდარტები, რაც ყველა კანდიდატისთვის თანასწორი შესაძლებლობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მათ ანგარიშში საუბარია ასევე ინტერესთა კონფლიქტზე და პროცედურებში არსებულ სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც არ იძლეოდნენ დამსახურებაზე დაფუძნებული კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვაკანტურია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის პოზიცია და გაუგებარია რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით აყოვნებს პარლამენტი საბჭოს 5 წევრით შევსებას.

რაც შეეხება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას, 2021 წელს დაკავებული პირები კვლავ საუბრობდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემური იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში. პრობლემურია ადვოკატის დროული ხელმისაწვდომობა და პირთა დაკავების შესახებ მათი ოჯახების ინფორმირება. საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფელს. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უზრუნველყოფდა ასევე სახალხო დამცველის აპარატის დროულ ინფორმირებას.

წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა. ასევე გამოწვევას წარმოადგენს ის გარემოება, რომ პოლიციის დაწესებულებების სივრცეები, სადაც დაკავებულს/მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით სრულად არ არის დაფარული.

სერიოზულ გამოწვევად რჩება ასევე პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ეს საკითხი განსაკუთრებულად პრობლემურია ნახევრად ღია დაწესებულებებში. არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.

2021 წელსაც პრობლემური იყო პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის საკითხი. არაერთ დაწესებულებაში გამოვლინდა პრობლემები როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანდაცვის კუთხით და ყველაზე მეტი საჩივრები სახალხო დამცველის აპარატში ამ ნიშნით ფიქსირდებოდა. 2021 წლის მანძილზე შენარჩუნებული იყო პატიმართა დეესკალაციის ოთახებში გადაყვანის პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. სახალხო დამცველმა არაერთი კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით.

2021 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა ნახევრად ღია დაწესებულებების ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად ორგანიზებული იყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ დროებით აჩერებდა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე პრევენციულ ვიზიტებს.

2021 მაისში საქართველოს ეწვია წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი საგანგებო ვიზიტით, სადაც შემოწმდა ნახევრად ღია დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. აღნიშნული ვიზიტის შემდეგ, იუსტიციის მინისტრის მიერ გაცხადებულ იქნა საჯაროდ, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არ შეექმნებოდათ პრობლემები საქმიანობის განხორციელებისას. პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდემიის მართვის კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს ასევე, რომ დაწესებულების სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ვაქცინირებულია. აქტიურად მიმდინარეობდა პატიმართა ვაქცინაციის პროცესი და 2 კვირაში ერთხელ PCR ტესტირება. დაწესებულებებში გამოყოფილია საკარანტინე სივრცეები.

2021 წელს, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებულად პრობლემური იყო მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის არათანამიმდევრული პრაქტიკა. ადგილობრივი საბჭოები ხშირ შემთხვევაში არ ასაბუთებენ გადაწყვეტილებებს და არ უთითებენ კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რის გამო ანიჭებენ ერთ კრიტერიუმს უფრო მეტ ყურადღებას და სხვას – ნაკლებს. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ შემთხვევაში უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე პრობლემურია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში ადგილობრივი საბჭოების მიერ არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა“, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი-რიტმი“ ხვალ გაიმართება
შემდეგი სტატიატიკარაძის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება – ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი