სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში, ღირსი დავით გარეჯელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ქადაგება წარმოთქვა. შიო მესამემ განსაკუთრებული აქცენტი ლოცვის უდიდეს ძალასა და ქრისტიანის ცხოვრებაში მის მნიშვნელობაზე გააკეთა.
პატრიარქის განცხადებით, ლოცვა არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრებაში სხვა ვერცერთი საქმე ჯეროვნად ვერ წარიმართება.
„ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. ლოცვის დროს განქარდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ირღვევა ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები. ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, ვინც ლოცვა იცის, ის მაინც ყველაზე მდიდარია, ხოლო ვინც ლოცვას არ მიმართავს, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, მაინც ყველაზე ღარიბია“, — აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


















