ლინკოლნ მიტჩელი – შემაშფოთებელია, რომ პუტინთან შეხვედრისას ტრამპმა საქართველოს ოკუპაცია არ ახსენა

შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ ახსენა და არც რუსეთში ადამიანის უფლებების პერმანენტული დარღვევის ფაქტები უხსენებია. მას ბევრი ისეთი რამ არ აღუნიშნავს, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა გაემახვილებინა ყურადღება, – ამის შესახებ ევრაზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებისა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების საკითხებში ამერიკელმა ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიტჩელმა „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა.

მიტჩელი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით არ აქვს ჩამოყალიბებული საგარეო ხედვა.

„ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებული ხედვის პოლიტიკური ფიგურებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ვხედავთ რუსეთისადმი ტრადიციულად წინააღმდეგობის გამწევ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის, რომელიც მალე საქართველოში ჩამოვა. ასევე თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისს. თუმცა ამავდროულად, არიან პრეზიდენტთან დაახლოებული, პრორუსული განწყობის ფიგურებიც, მაგალითად, როგორიცაა სტივ ბენონი. იგი ნაციონალისტია“, – განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.

მისი თქმით, ძნელია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით.

„როცა საქართველოში ინტერესდებიან, როგორი იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტაციის ურთიერთობა საქართველოსთან, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესებს უნდა დააკვირდეთ. შეხედეთ, როგორ აისახება საქართველოზე ამერიკაში მზარდი არასტაბილურობა, როგორ აისახება საქართველოზე ის ფაქტი, რომ აშშ კარგავს დასავლური სამყაროს ლიდერის სტატუსს?!“ – აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.

banner
წინა სტატიაში,,მე ვიქნები უპარტიო კანდიდატი” – ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში დიპლომატიური შეცდომაა