ლილუაშვილის თქმით, კობახიძეზე მოკვლის მუქარის გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ იყო

“გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები”, – ამის შესახებ სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ირაკლი კობახიძის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა.

ლილუაშვილის თქმით, თავად უწყება წყვეტს, არის თუ საჯარო განცხადებაში სისხლისსამართლებრივი ნიშნები.

“უწყება თავად წყვეტს, არის თუ არა სისხლისსამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჩაითვალა, რომ საკმარისად არ არის ის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი”, – თქვა ლილუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, კობახიძის განცხადება იყო თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რაზეც ლილუაშვილი ამბობს:

“პრემიერმა ბრძანა, რომ მან გამაფრთხილა მეგობრულად, რათა მიმეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ სარეკომენდაციო ხასიათზე გამოძიების პრეცედენტი”.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრის მაგალითი მოუყვანა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ესროლეს. თავის ფეისბუქპოსტში ის არ ასახელებდა, ვისთან ჰქონდა საუბარი.

მოგვიანებით, უნგრელმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრი კობახიძეს ის ესაუბრა და განაცხადა, რომ მისი საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოგლეჯილი.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ლილუაშვილი – „ლელოს“ ოდესმე თუ გაუმართლებს და ხელისუფლების სათავეში მოვლენ, მერე შეცვალონ უსაფრთხოების სისტემა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებზე: დიდი იმედი მაქვს, რომ ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის