წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, – ამის შესახებ სუს-ის ექსშეფის ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადასცემია და შესაბამისად, როდესაც მასალებს გაეცნობა, მათი პოზიციაა, რომ ზუსტი ჩვენება მისცენ და ამომწურავად უპასუხონ იმ კითხვებზე, რასაც პროკურატურა ედავება.
წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია, დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. რადგან მის მიმართ პირდაპირ დევნა იქნა დაწყებული, ვისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ ელემენტარულად გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდგომ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება, რასაც პროკურატურა ედავება მას.
ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მოხდა მხოლოდ ბრალდების წარდგენა. რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, მერე გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები, ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე, – განაცხადა გრიგალაშვილმა.
ადვოკატის თქმით, რა ვიდეომასალებია საქმეში, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, რადგან საქმის მასალები არ გადასცემია.
არ ვიცი, რა განმარტა ბრალდების მხარემ, მესმის რომ ბრალდების დადგენილებაში მტკიცებულებები ჩამოთვლილია, მაგრამ ეს მხოლოდ ჩამონათვალია და გაცნობით არ გავცნობივარ, – დასძინა მან.
კითხვაზე, რატომ გახდა ლილუაშვილის დაკავება საჭირო, თუ ის თავს დამნაშვედ არ ცნობს, ადვოკატი შემდეგნაირად პასუხობს:
ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, ალბათ ჩათვალეს ამ ეტაპზე საკმარისად ის მტკიცებულებები, რის გამოც საკმაოდ მძიმე ბრალდება წაგვიყენა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დაკავებამდე, ან ჩხრეკის შემდეგ ლილუაშვილს ივანიშვილთან კომუნიკაცია, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ თემაზე დაკავებულთან არ უსაუბრია, რადგან საქმეს არ ეხება.
ადვოკატისვე თქმით, მასალები, რომელიც საქმეშია მისი პირადი და ოჯახის მასალებია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ არის.













