ლილუაშვილი ოცნებას: არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული

ბექა ლილუაშვილი ოცნებას: არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული

„არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ არის ასახული“ – ასე მიმართა პარტია “საქართველოსთვის” პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ქართული ოცნების წევრებს.

„მე მინდა დღეს კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებასაც და ოპოზიციის ნაწილსაც ჩვენი მოქალაქე, მისი ყოველდღიური საჭიროებები, პრობლემები. მოქალაქე, რომელიც თითქმის ერთი წელია ხელისუფლებამ დატოვა უპატრონოდ, გაწირა და ნაცვლად მათზე ზრუნვისა, მთელი სახელმწიფო რესურსი, რომლითაც მთლიანად ჩაანაცვლა მისი განულებული პოლიტიკური რესურსი მიმართა ამ მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვაზე. საკუთარი ძალაუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარეშე შენარჩუნებისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ წარმოუდგენელი, ხშირად ამორალური მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიებს პოლიტიკური დევნით, ამომრჩეველზე ზეწოლით, სამსახურიდან გაგდებით ან ასეთით დამუქრებით, კამპანიით, ბინძური და ამორალური კამპანიით გარანტიებს ქმნიდით”- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს ბექა ლილუაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო.

“ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკაში ფასები გაძვირდა ისტორიულ მაქსიმუმამდე, ბოლო ფაქტიურად 11-12 წლის განმავლობაში, 13 პროცენტით, მათ შორის საკვებზე 16 პროცენტით, რაც ნიშნავს მაგალითად ქათმის ხორცზე 25-პროცენტიან ფასების ზრდას, წიწიბურაზე 20-ით, შაქარზე 35-ით და ასე შემდეგ, ასევე, საწვავის ფასი გაიზარდა 23 პროცენტით – 2.70-იდან 3.33 თეთრამდე.. აღარ შევეხები ფაქტობრივად 23-პროცენტიან უმუშევრობის მაჩვენებელს. აღარ შევეხები ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფ სოციალურად დაუცველთა მაჩვენებლებს. აღარ შევეხები ძალიან მძიმე მოცემულობას კოვიდის მიმართულებით, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ფაქტობრივად 40-დე და მეტი ადამიანის სიცოცხლეს ვკარგავთ და ამ რეალობაში ხელისუფლება, სახელისუფლებო პარტია და ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია ფაქტობრივად უპასუხისმგებლოდ ათასობით ადამიანს კრეფს ქუჩაში და წარმოუდგენელია პასუხისმგებლობა ვინ უნდა აგოს ამ ადამიანებში დაკარგულ სიცოცხლეზე კოვიდის შედეგად” – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანებს რეალობის შესაცვლელად არჩევნებზე მისვლა გააჩნდათ და ესეც წაართვეს.

„დღეს ჩვენ ვისმენთ ჩვენი კოლეგების მხრიდან რაღაც გაუგონარ შეფასებებს არჩევნების ლეგიტიმურად, სამართლიანად და ფაქტობრივად სანიმუშოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ, რაც უპატრონოდ დატოვებულ ადამიანებს გააჩნდათ რეალობის შესაცვლელად, ეს იყო არჩევნებზე მათი მისვლა და ცვლილებებისთვის ხმის მიცემა და თქვენ ეს მათ წაართვით და ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ რამოდენიმე ციტატას აი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიდან, რომელზედაც თქვენ მხოლოდ, როგორც ჩანს შესავლის რაღაც ნაწილის გაჟღერებით ხართ დაკავებული. ეს არის მაგალითად, რეგისტრაციის ნაწილში, ზეწოლების გამო, ბევრმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა. ფიქსირდებოდა კანონის დარღვევები სოციალური და ეკონომიკური პროექტების საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაწყებასა თუ გაჟღერებაზე. მმართველი პარტიის მიერ უპირატესობა გამოიყენებოდა შეუსაბამოდ. ფართოდ გავრცელებული ინფორმაცია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის შესახებ, რომელიც შეშფოთების საფუძველს ქმნის და არათუ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ მათ ეწინააღმდეგება. აი ამ მოცემულობით, როცა დღეს თქვენ გამოდიხართ და ამბობთ, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ მარათონში თითქოს ეკონომიკური რეფორმების, ხალხზე ზრუნვის, იმ მოცემულობით, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდშიც, პარტიული მშენებლობის პროცესშიც ვახერხებდით და პარლამენტში კონკრეტულ ინიციატივებს ვაჟღერებდით, აი რაზეც ჩემმა კოლეგამ ისაუბრა, არც ერთი ნაბიჯი, შემხვედრი ნაბიჯი ამ ინიციატივების განხორციელებაზე არ გადადგმულა, მეტიც, ჩვენ ვნახეთ წინარე განხილვა ბიუჯეტის საკომიტეტო ფორმატში და ახლა ველოდებით ძირითად ნაწილს. არც ერთი კონკრეტული ინიციატივა, მასშტაბური პროექტი, რომელიც უზრუნველყოფდა აი ამ სოციალური გაჭირვების, ყოველდღიური ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებს, ბიუჯეტში არ იყო ასახული. მეტიც, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური პირები იძლეოდნენ უპასუხისმგებლო დაპირებებს წინასაარჩევნოდ ყოველგვარი ეკონომიკური შესაძლებლობების გარეშე” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია
შემდეგი სტატიამდინარაძე სააკაშვილზე: ამ ადამიანის განცხადებები აღარ არის საინტერესო, უნდა დავტოვოთ წარსულში