ლილუაშვილი: ნაციონალური მოძრაობის და ასევე ხელისუფლების ქმედებები, სისტემურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

„არახალია, რომ ჩვენი მოქალაქეები ბოლო თვეების განმავლობაში გახდნენ უკიდურესი პოლარიზაციის და ერთპარტიული მმართველობისკენ მიდრეკილი პარტიების პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი. ერთის მხრივ ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკანონო მეთოდებით გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე. ჩაატარა ბოლო წლების ყველაზე ცუდი არჩევნები. ახლა კი პოსტ საარჩევნო უკანონო მანიპულაციებით, სხვადასხვა მოსყიდვით, შანტაჟით სრულად უგულებელყოფს არჩევნების შედეგებს. ოცნება დღემდე აგრძელებს უკანონო, სრულიად არალეგიტიმური მეთოდებით, მათ შორის ზეწოლით, შევიწროებით, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებით ხელი შეუშალოს პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურ საქმიანობას და განვითარებას. დღესაც გრძელდება ჩვენი მხარდამჭერების დაშინება, ფერხდება პარტიის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, იზღუდება და პრობლემები ექმნება ჩვენი პარტიის ფინანსურ შემომწირველებს. აღარაფერს ვამბობ უკვე საკრებულოში მაჟორიტარ თუ პარტიული სიით გასულ დეპუტატებზე. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ასევე, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მუნიციპალიტეტებში კრიზისი შესაქმნელად, იმისთვის, რომ მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშე მარტო დატოვოს მუნიციპალიტეტის მოსახელობა და ამით გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები დააგროვოს ხელისუფლების წინააღმდეგ“, – აღნიშნული განცხადება პარტია “საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი შეფასებით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას.

„პოლარიზაციის გაღრმავებისთვის, ნაციონალური მოძრაობის აღნიშნული ქმედებები, ისევე როგორც ხელისუფლების მიერ ოპონენტების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდების გამოყენება, სისტემურ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობას და პრაქტიკულად განუზომლად ზრდის საფრთხეს, რომ არჩევნებმა ქვეყანაში ვეღარ შეასრულოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღის და ხელისუფლების ცვლილების როლი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას პოლარიზაციის დასრულების რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, მათ შორის იმ პარტიების გაძლიერების გზები, რომლებმაც ლეგიტიმაცია მოიპოვეს ადგილობრივი არჩევნების შედეგად. მათ შორის მოხდეს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით ლეგიტიმაცია მინიჭებული პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გათანაბრება“ – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი:აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის მეექვსედ ჩატარება ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა შეხვედრის
შემდეგი სტატიათალაკვაძე: შერიგება თუ შესაძლებელია, ის სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს