ლილუაშვილი: ცხინვალის ე.წ. მთავრობას, მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ შესაძლოა, რუსეთის ნაწილი გახდნენ

“ცხინვალის რეგიონში ე.წ. მთავრობას, მეტწილად მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმ საკითხზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება, გახდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, პირიქით მათი ე.წ. მთავრობა ამ იდეას ახალისებს კიდეც. თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვს ე.წ. მთავრობასა და მის ხელმძღვანელს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ასე უპირობოდ არ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას”, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოსთვის ნომერ პირველ გამოწვევას რუსული ოკუპაცია წარმოადგენს.

„ძირეულად ვითარება არ შეცვლილი არც ერთ ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს ხელისუფლება დროებით ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. გამოიკვეთა სამი ძირითადი პუნქტი, რასაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ოკუპაციის ფარგლებში, ეს არის პირველი – რუსული ანექსია და რაც შეიძლება უფრო მეტი ტერიტორიების მათი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანექსიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აძლევთ რუსულ მხარეს საშუალებას, რომ ეფექტური კონტროლის ქვეშ მოაქციონ არსებული დე ფაქტო მთავრობები და მიაღებინონ მათ სასურველი გადაწყვეტილებები.

მეორე – ეს არის ჰიბრიდული ომის ფარგლებში წარმოებული პროცესი, რაც უკავშირდება უკანონო ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებებს და ყველა იმ ინციდენტს, რაც ხორციელდება როგორც პირობითად გამყოფი ზოლის სიახლოვეს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში.

მესამე – გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია, რომელსაც ჩვენ გამოწვევის მსგავსად ვუყურებთ, ეს არის მცდელობა რუსული მხარისა, რათა პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, გამოეთიშოს მოლაპარაკებების პროცესს, როგორც მხარე. ძალიან პოპულარული გახდა ბოლო დროს საუბარი, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა, ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში არ შევრჩეთ ერთმანეთს და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

„დეტალურად ვერ შევეხები იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციას. მოგახსენებთ, რომ ძალიან არასახარბიელო ვითარებაში იმყოფებიან ჩვენი ძმები და ჩვენი დები, ჩვენი მოქალაქეები გამყოფი ხაზის იქეთ. ეს აისახება მათზე ძალიან მძიმედ, თუმცა კვლავ რჩება ტაბუდადებულად თავისუფალი მიმოსვლის სრულად გახსნა განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მიმართებით. ნაწილობრივ თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდვებით და რუსული ძალის კონტროლის ქვეშ ხორციელდება აფხაზეთის მიმართულებით და ძირითადად ატარებს ჰუმანიტარული, სამედიცინო მიზნით ადამიანებს, ჩვენი მოქალაქეებს ენგურის ხიდზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სრულიად განსხვავებული ვითარებაა ცხინვალის მიმართულებით, სადაც აბსოლუტურად ჩაკეტილია ყველანაირი მიმოსვლა.

„ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეძლევათ არც ერთი მიზნით გადმოსვლის საშუალება, მათ შორის არც ჰუმანიტარული, ჯანდაცვის და სხვა მიმართულებით. შესაბამისად, განწყობებიც მოსახლეობის, იქ მცხოვრები ადამიანების განწყობები არ არის დადებითი იქ მოქმედი რეჟიმების მიმართებით, ისინი ითხოვენ მეტ თავისუფლებას, ისე როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებთან ურთიერთობის, მოქალაქეებთან ურთიერთობის, ისე მეტ თავისუფლებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა, ჩვენ ამით არ უნდა შევიქმნათ ფსევდოილუზია, თითქოს რომელიმე რეგიონში მომწიფებულია განწყობები ისე, რომ გარანტირებულად შეგვეძლოს ეს განწყობები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ეს ცხინვალის რეგიონს ეტყობა, სადაც ე.წ. მთავრობას მეტწილად მოსახლეობის დიდ ნაწილსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ იმ საკითხზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისინი შეიძლება, გახდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, პირიქით მათი ე.წ. მთავრობა ამ იდეას ახალისებს კიდეც, თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვს ე.წ. მთავრობასა და მის ხელმძღვანელს აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც ისინი ასე უპირობოდ არ უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას. უფრო მეტიც, მათ გააჩნდათ სურვილი, რათა არ მომხდარიყო რუსეთის მხრიდან ძალიან მწვავე საკითხების წამოყენება, როგორც ულტიმატუმისა, იმის სანაცვლოდ, რომ გაჭირვებული ხალხის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხარჯზე, მომხდარიყო რუსეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების თავს მოხვევა და შემდეგ მათი გადაწყვეტა. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ პირველ რიგში, მათ აიძულებდნენ კანონში ცვლილებების შეტანას, რომელიც გაამარტივებდა აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს რუსეთის მოქალაქეებისადმი, ასევე მეტ თავისუფლებას მისცემდა რუსეთის მოქალაქეებს, შეეძინათ უძრავი ქონება და ინვესტიციები ჩაედოთ აფხაზეთის საკურორტო ზონებში. ზეწოლა დიდი იყო და საბოლოოდ, სამწუხაროდ, მოხდა მათი დათანხმება ამ საკითხებზე“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშილიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
შემდეგი სტატიაწვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქციები გამკაცრდა