ლილუაშვილი – ბიუჯეტის ფინანსური რესურსები მიმართული იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე

ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზაში მიმართული იქნება ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მან მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ბიუჯეტში ასახული ფინანსური რესურსები ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზაში მიმართული იქნება ერთი მხრივ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.

ბიუჯეტის რაიონალურობის შესაფასებლად აუცილებელია, რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო პირობა და ფაქტი გავითვალისწინოთ. პირველი – მოგეხსენებათ, გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, ასევე რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა არსებითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, მათ შორის ქვეყნის ფინანსურ რესურსებზეც. შესაბამისად, მთავრობის მიერ სამ ეტაპად განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ეს ნეგატიური ზეგავლენა, თუმცა ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომელიც შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც.

ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად, წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 პროცენტამდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში. საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტი, რომელიც არის დაბალანსებული და რაციონალური, რომელიც ძირითადად ეფუძნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეკონომიკის ხელშეწყობას“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ასახული ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზა მიმართული იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მათ სოციალურ მხარდაჭერსა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.

„მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიზნით დაახლოებით 450 მილიონი ლარის რესურსია გამოყოფილი მომდევნო წლის ბიუჯეტით, რომელიც მოხმარდება სრულიად ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის როგორც მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, ასევე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს თანხა მოხმარდება როგორც გავრცელების პრევენციას, ასევე მკურნალობას, ასევე ვაქცინის შესყიდვის პროცედურებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზა, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის ნოემბერიდან და გაგრძელდება მომდევნო წლის ივნისამდე. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ფინანსური რესურსები ასახულია მომდევნო წლის ბიუჯეტში. ეს ღონისძიებები გულისხმობს მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერას. მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად, ბიუჯეტში წარმოდგენილია ისეთი ცვლილებები, რომელიც ემსახურება სოციალური მდგომარეობის გრძელვადიანად გაუმჯობესებას, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის საპენსიო უზრუნველყოფა, ჩვენი პენსიონრებისთვის პენსიის ზრდა ე.წ ინდექსაციის წესით, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად პენსიების გარკვეული მოცულობით ზრდას. მომდევნო წელს, პირველი იანვრიდან უკვე ჩვენს პენსიონრებს პენსია გაეზრდებათ მინიმუმ 20-25 ლარით, სხვადასხვა კატეგორიაში.

იცით, რომ მაგალითად მაღალმთიანი სტატუსის მქონე რეგიონებში პენსია უფრო მეტით გაიზრდება. გარდა ამისა, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის დაგეგმილია ბიუჯეტის პროექტით პირველი იანვრიდან ხელფასების ზრდა. ასევე ჯარის, პოლიციის გაზრდილი ხელფასების სრული წლის განმავლობაში დაფინანსება“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – ჩვენ ვართ ერთ ადგილზე ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ გვინდა, რომ ნატო რეალობა გახდეს მომავალში
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა