ლილუაშვილი: აუდიოჩანაწერის საზოგადოებისთვის წარდგენა იყო საპრევენციო ხასიათის, მოქალაქეებს მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც მათ შორის, არ გამორიცხავდა სისხლისღვრასაც

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს მისი ავთენტურობა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერის ფიგურანტებმა უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე, თუმცა უახლოესი საათების განმავლობაში ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

„ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქმე დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ეს არის უბრალოდ საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერი გზით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისთვის, რამაც თავისთავად შეასრულა საპრევენციო ხასიათის როლი. ჩვენ ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებსით ან უნებლიეთ მომხდარიყო ამ გაუგებრობაში, მივეცით ინფორმაცია განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას და ა.შ. მათ შორის არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრასაც. თქვენ ალბათ, ყველამ ნახეთ ეს ჩანაწერები. სხვათა შორის სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა ამ ჩანაწერებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თვითონ ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა. ჩვენ ველოდებით მათ დაკითხვებს. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ აქვთ ამის კანონიერი უფლება, თუმცა უახლოესი საათების განმავლობაში ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, სოციალურ ქსელებშიც წერენ და საჯაროდ აანონსებენ პერმანენტულ აქციებს, სუს-ის უფროსმა აღნიშნა, რომ გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება.

„შინაარსი, რა თქმა უნდა, შეიცავს სისხლის სამართლებრივ ნიშნებს, თუმცა ეს არის ვარაუდი, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება. უნდა გამოიკითხონ მოწმეები, თავად ეს პირები და მერე შეგვეძლება უფრო დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემაზე“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი სახელი და გვარები გამოიკვეთოს.

„ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ, თუ რომელი პირი შეიძლება, გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსმა ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იჩქარა სუს-მა, როდესაც არჩევნების წინა დღეს გამოაქვეყნა აღნიშნული აუდიოჩანაწერი.

„თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ იჩქაროს პრევენციული ღონისძიების გატარება უსაფრთხოების სამსახურმა და დაელოდოს ამის სისრულეში მოყვანას, რა შედეგი დადგება ქვეყანაში. ამიტომ, ის გამოთქმული აზრი, რომ მაინცდამაინც არჩევნების წინა დღეს ამის გამოაშკარავება, ჯერ ერთი, ეს დაკავშირებული იყო იმ საჯარო ეთერში გასულ განცხადებებთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირები აანონსებდნენ დაკავებული პირის ცუდად გახდომას და შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ იქ საუბარია სწორედ ამ პროცესის ხელის შეშლაზე, ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი. გარდა მაგისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით, გრიფით საიდუმლოთი არსებული საფრთხეების შესახებ იმავე დღეს მიმართა განსაკუთრებულ პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის, ტრანსპორტირებისთვის იყოს გათვალისწინებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რათა მის ჯანმრთელობას არ დაემუქროს საფრთხე“, – აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სუს-ის უფროსის განმარტებით, როდესაც საჯარო სივრცეში, ან ოპერატიული გზებით მიღებული ინფორმაცია შეიცავს სისხლისსამართლებრივ ნიშნებს, ეს იქნება 315-ე მუხლი, თუ უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაული, უწყება ვალდებულია, ამაზე დაიწყოს გამოძიება.

„მოგეხსენებათ, რომ ყველა აღძრული სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული შედეგით ვერ დამთავრდება. ბუნებაში ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სამსახური ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ვალდებულია დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, რომ ყველა მსგავსი საქმე თაროზეა შემოდებული, სუს-ის უფროსმა უპასუხა: „ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველთვის ალბათ, პრევენციული მეთოდებით ახერხებდა მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალებას“.

„ესეც სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურებაა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან საქმე არის გამოძიების საწყის ეტაპზე. გამოსაკითხია უამრავი პირი, მათ შორის ის პირები, ვისი საუბარიც მოისმინეთ. საქმის მასალების განსაიდუმლოება მოხდება გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე ზუსტად იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც ამას გამოძიება ჩათვლის. თუ ეს საუბარი დადასტურებულია თავად მონაწილე მოსაუბრე პირების მიერ, სად არის ეჭვის საფუძველი იმისა, რომ ეს არის ან გაყალბებული, ან უკანონოდ მოპოვებული? ტექსტი, დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: შანსი გვაქვს, ხვალ სხვა რეალობა გვქონდეს
შემდეგი სტატიალილუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის სქემა რომ არ გაშიფრულიყო, დღეს საქართველოში შეიძლება, უფრო დაძაბული პროცესები მიგვეღო