ლილუაშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დადებითად არის შეფასებული სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მუშაობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობა.

მისი თქმით, ანგარიშში ასევე ხაზგასმულია საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„დოკუმენტის თანახმად, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დასახელებულია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე პასუხისმგებელ მთავარ უწყებად. ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული ჩვენი უწყების უნარი და შესაძლებლობა, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორისტულ ინციდენტებზე, ასევე საუბარია ჩვენი სამსახურის მაღალი დონის აღჭურვილობაზე, თითოეული თანამშრომლის მომზადებასა და გადამზადებაზე. ხაზგასმული და სასიხარულოა ის, რომ 2020 წლის ანგარიშში მოხვდა სუს-ის ახლად შექმნილი სასწავლო ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას, მათ შორის ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმის და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით. 2020 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს დადებითი შეფასება, რომელიც მან დაიმსახურა „მანივალის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით. მოგეხსენებათ, დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის კუთხით ეფექტურობის არსებით დონეს მიაღწია, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სამსახურის მუშაობის სრულიად ადეკვატური შეფასება, რაც ცხადია, თავისთავად ძალიან სასიამოვნოა. ვულოცავ თითოეულ ჩვენს თანამშრომელს და მთელ ქვეყანას ასეთ წარმატებას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა: 2022 წელს მოსალოდნელია 10 ახალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა
შემდეგი სტატიაალასანია: პოლიტიკური პიარია, ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნიდან