„ლიდერთა საბჭოს“ სპეციალური ბრიფინგი – ოპოზიციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინეს

ოპოზიციური პარტიების ,,ლიდერთა საბჭომ“ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც დიპლომატიურ კორპუსსა და ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიში წარუდგინეს.

ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო მონიტორინგის წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიში:

„საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტები/პოლიტიკური გაერთიანებები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.

ზემოაღნიშნული ემყარება შემდეგ არსებით გარემოებებს:

• არჩევნების წინა პერიოდში, მმართველი პარტიისათვის კიდევ უფრო მეტი საარჩევნო უპრატესობის მინიჭების მიზნით, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები;

• ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის;

• სახელისუფლებო კონტროლს სრულად დაქვემდებარებული საარჩევნო ადმინისტრაცია;

• მმართველი პარტიის უსამართლო უპირატესობა ახალი ამბების პროგრამებსა და, ზოგადად მედია სივრცეში, რომელიც გამოიხატება საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის გადანაწილებაში;

• მრავალჯერადი დისპროპორცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობაში;

• ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლის ფართოდ გამოყენებული პრაქტიკა, ხელის შეშლა კამპანიის წარმოებაში, სააგიტაციო მასალების დაზიანება;

• უწყებათაშორისი კომისიის სრული უფუნქციობა და უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების გამამართლებელი და წამახალისებლი საჯარო განცხადებები, დარღვევების იგნორირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა/პოლიტიკურმა გაერთიანებებმა მოამზადეს წინასაარჩევნო პერიოდის ერთობლივი ანგარიში, რომლის მიზანია გააერთიანოს სუბიექტების ძალისხმევა არჩევნების მონიტორინგისა და შეფასებისათვის ხელისუფლების მხრიდან მუდმივად მზარდი ზეწოლის პირობებში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მომზადებაში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებები:

• ახალი მემარჯვენეები;

• ახალი საქართველო;

• ახალი ქრისტიან-დემოკრატები;

• გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა;

• დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო;

• ეროვნულ-დემოკრატიული პარტია;

• ეროვნული ფორუმი;

• თავისუფალი საქართველო;

• თავისუფლება;

• სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის;

• საქართველოს ევროპელი დემოკრატები;

• საქართველოს ლეიბორისტული პარტია;

• ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი;

• შენების მოძრაობა;

• ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

banner
წინა სტატიაშირატომ არ მივიდა ივანიშვილი აფხაზეთის ომის გმირების დაკრძალვაზე- ან სნობი ან გოიმი
შემდეგი სტატიაგამორიცხულია შიდაპარტიული დაპირისპირება – ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარზე