„ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა.

ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 1977 წელს დაბადებული პირი, ჩადენილი დანაშაული კი, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოდ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა აღიარა, რომ მან 2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა – პროკურატურა
შემდეგი სტატიასკანდალური კადრები სოციალურ ქსელში – გეგუთის ციხის პატიმრის მამის პირველი კომენტარი