„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

„მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პოლიცია აქტიურად მუშაობს დანაშაულის პრევენციისა და მომხდარი კრიმინალური შემთხვევების უმოკლეს ვადაში გამოძიებაზე.

უმეტეს შემთხვევაში დანაშაულის გამოძიება და დამნაშავე პირთა დაკავება ხდება დროის მოკლე პერიოდში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კრიმინალურ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება მყისიერი და ეფექტური, რაც გარდაუვალს გახდის თითოეული დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემის საკითხს“, – განაცხადეს დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე..

banner
წინა სტატიაში„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები და ჩვეულებრივი ხალხი, ქურდები გაუშვეს,ამ ხალხს კი დამცველი არავინ ჰყავს” -სააკაშვილი
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა ხანძრისას ნაპოვნი ოქროს სამკაულები მფლობელს დაუბრუნეს