სააგენტო AFP-ის ლიბანურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბეირუთი რომში მომავალ კვირას დაგეგმილ პირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობის სანაცვლოდ, ისრაელისგან სამხრეთ ლიბანის ორი ე.წ. პილოტური ზონიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს.
ანონიმურობის პირობით მოქმედმა წყარომ განმარტა, რომ ლიბანის მხარე ისრაელის გასვლას ამ ტერიტორიებიდან იმ მოლაპარაკებების რაუნდში მონაწილეობის წინაპირობად აყენებს, რომელიც იტალიისა და ისრაელის განცხადებით, რომში 15-16 ივლისს უნდა გაიმართოს. აღნიშნული შეხვედრა გასულ თვეში გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების გაგრძელებაა.
გასულ თვეში ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემა The Times of Israel-ს განუცხადა, რომ თავდაცვის ძალებს (IDF) მეტი დრო სჭირდებათ სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთი პილოტური ზონის დასატოვებლად. აღნიშნული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე ისრაელი ბეირუთთან აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში დათანხმდა.
















